ნეტგაზეთი | მესტიისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა მესტიისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა – Netgazeti
RU | GE  

მესტიისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიისკენ მიმავალ გზაზე, “შავ ღელესთან” მეწყერი ჩამოწვა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) ფერდი ჩამოიშალა კოკისპირული წვიმის შედეგად, რამაც გამოიწვია მოძრაობის
შეზღუდვა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.

დღეს, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მეტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

კერძოდ, იკრძალება მუნიციპალიტეტში როგორც შესვლა, ასევე, გამოსვლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები იმუშავებენ.

ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ხოჯევანიშვილის თქმითვე, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში და დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.