ახალი ამბები

მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ადგილობრივებს – შსს მესტიაზე

10 აგვისტო, 2020 • 1074
მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ადგილობრივებს – შსს მესტიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა მუნიციპალიტეტიდან გამოსვლისთვის კარანტინის გავლა ყველასთვის სავალდებულო იქნება.

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

„საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც გულისხმობს: მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი“, – ამბობს შსს.

ამასთანავე, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში – „რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ, მათ შორის დაწესდება პატრულირებაც. შსს ამბობს, რომ შეზღუდვების შესახებ სამართალდამცველები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი