ახალი ამბები

“ოცნებასთან” დაპირისპირება მკოიანმა, შესაძლოა, თავის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს — ვოლსკი

10 აგვისტო, 2020 • 1735
“ოცნებასთან” დაპირისპირება მკოიანმა, შესაძლოა, თავის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ახალქალაქ-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის, შესაძლოა, სურდეს, “ქართული ოცნება” მასთან დაპირსპირებულად წარმოაჩინოს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

ვოლსკის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მკოიანი 2020 წლის არჩევნებში ახალქალაქ-ნინოწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად იმიტომ არ წარადგინა, რომ რეგიონს “ახალი ენერგია” სჭირდებოდა”.

“იმან [ენზელ მკოიანმა] თქვა, რომ “ქართული ოცნება” მიპირისპირდება არჩევნებშიო.  მე ვამბობ, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი ჰყავს და “ქართული ოცნების” გუნდის მხრიდან დაპირსპირების სხვა არანაირი ნიშანი არ არსებობს. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვყავს და გვგონია, რომ ჩვენი კანდიდატურა აჯობებს. დანარჩენი, რად უნდა მონათლოს ეს და მკოიანს მის მიმართ დაპირისპირება რაში სჭირდება… დავუშვი, რომ მან შესაძლოა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ასპარეზზე თავის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ რეგიონს, ახალქალაქ-ნინოწმინდას, სჭირდება ახალი ძალა, ახალი ენერგია ახალი ხედვები”, — განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ენზელ მკოიანის ადვოკატის, დღეს, 10 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომ მკოიანს მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და 5 მილიონი დოლარსა და პოლიტიკიდან ჩამოშორებას სთხოვენ, ვოლსკი ამბობს, რომ ეს ” პოლიტიკურ ასპექტში არ განიხილება”.

“ნეტგაზეთი” ენზელ მკოიანთან დაკავშირებას ცდილობს და მის პასუხს მიღებისთანავე გაავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი