ახალი ამბები

ვიმსჯელებთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი ჯაფარიძის კანდიდატურას — დეკანოიძე

10 აგვისტო, 2020 • 804
ვიმსჯელებთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი ჯაფარიძის კანდიდატურას — დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ  ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე.

როგორც დეკანოიძე ამბობს, ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები ჯაფარიძეს ესაუბრნენ და “გირჩთან” შესაძლო კოორდინაციას განიხილავენ.

“ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად, მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ დანარჩენ 2 ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან – პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ „გირჩთან“ შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, — განაცხადა დეკანოიძემ.

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 10 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს იყაროს კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად “გირჩის” სახელით. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც საკუთარი კეთილგანწყობა დაუდასტურეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არიან, რათა ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. როგორც უგულავას განცხადებიდან ჩანს,  “ევროპული საქართველო” ჯაფარიძეს თბილისის ამ მაჟორიტარულ ოლქში მხარს დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი