ნეტგაზეთი | ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი – Netgazeti
RU | GE  

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს იყაროს კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად “გირჩის” სახელით. 

ამის შესახებ მან 10 აგვისტოს განაცხადა. 

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში.  ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა:

“იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან”, – აცხადებს ჯაფარიძე. 

“საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში”, – აცხადებს ჯაფარიძე. 

უკვე ცნობილია, რომ ამ ოლქში  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი იქნება. დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობას გეგმავს “მოძრაობა ხახლისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძეც. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი