ახალი ამბები

ამ ომის შემდგომ გვყავს 30 ათასი საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი – გახარია

8 აგვისტო, 2020 •
ამ ომის შემდგომ გვყავს 30 ათასი საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი – გახარია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები მუხათგვერდში იმყოფებოდნენ.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ომის დაწყებაზე ისაუბრა და განაცხადა რომ 2008 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი. მისივე თქმით, ამ ომის შედეგად ქვეყანას 30 ათასი საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი ჰყავს:

“აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების  20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. როცა 20 პროცენტის ოკუპირებაზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს, საქართველოში, ამ ომის შემდგომ გვყავს 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი.”

პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე თქვა რომ რუსეთის ჯარი მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობისა და ვლადიმერ პუტინის დავალებით შემოიჭრა:

“რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით. მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალდებით.”

პეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპაციის მიუხედავად საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. პრეზიდენტმა ასევე თქვა რომ ქვეყანაში არსებული დაპირისპირება იმ ომში დაღუპული ადამიანების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა.

“დღევანდელი საქართველოს რეალობა არის ის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ. ომისა და  ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანი სწორედ ის გამოხმაურებებია, რაც ამ დღეებში იყო ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ჩვენ წინ წარმატებით მივდივართ, ისე რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით. ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. . ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში – ეს შიდა დაპირისპირება, ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო – ეს ჩვენი გმირების უპატივცემულობაა და მათი დავიწყებაა,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ბერლინის კედლის მსგავსად, მავთულხლართებიც მალე მოიშლება:

“ქედს ვიხრით გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა.”

აგვისტოს ომის დაწყებიდან, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, 7 აგვისტოს 12 წელი შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი