„ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვების პროცესი არის ერთწლიანი მარათონი, მაგრამ ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ყველაფერი გავიწყდება”, – ამბობს 24 წლის გუგა ბურდული, რომელიც სწავლას აშშ-ში სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
გუგა ბურდულმა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. 16 წლამდე აქტიურად თამაშობდა ჭადრაკს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. 2014 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისუფალ სკოლაში პროგრამირების მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში – სემინარისტად.
„ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტში გავხდი მოწვეული ლექტორი და ამჟამად ვკითხულობ საგანს – „შესავალი ციფრულ ტექნოლოგიებში“. თავისუფალ სკოლაში მასწავლებლობის გარდა ვითავსებდი პროექტების მენეჯერის პოზიციას. შესანიშნავ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც საშუალება მომეცა, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და უდიდესი გამოცდილება მიმეღო“, – აღნიშნავს ის. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ გუგა ბურდულმა გადაწყვიტა რომ სწავლა Data Science მიმართულებით გაეგრძელებინა:
„მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობების, სურვილებისა და გამოცდილების გაერთიანებას ყველაზე მეტად Data Science მიესადაგება და, შესაბამისად, გადავწყვიტე სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა“.
გუგა ბურდული იხსენებს, რომ მეგობარმა შარშან, ზაფხულის დასაწყისში შესთავაზა, აპლიკაცია შეევსოთ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ-ის საელჩო:
„საკმაოდ ვრცელი აპლიკაციაა, რომელშიც ბევრი მონაცემი შეგყავს. ჩემი აზრით, მთავარი პირველი ეტაპია, როცა ესეის წერ იმის შესახებ, თუ სად გინდა სწავლის გაგრძელება, რატომ გინდა, რაში გამოიყენებ ამ ცოდნას და ა.შ. ესეიში მკაფიოდ უნდა ჩანდეს შენი მოტივაცია.
საკმაოდ სტრესული მარათონია, მაგრამ როცა ფინიშს გადალახავ, ყველა სტრესი გავიწყდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ფულბრაიტის პროგრამასა და საქართველოს ბანკს“ ,- ამბობს გუგა და ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ პროგრამაში მონაწილეობას აპირებენ, ურჩევს, რომ გამოცდებისთვის მზადება რაც შეიძლება ადრე დაიწყონ.
„თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ მესამე ეტაპამდე მივაღწევდი და გამოცდებისთვის მომზადება ცოტა გვიან დავიწყე. თავდაჯერებული უნდა იყო, უნდა გჯეროდეს, რომ სამივე ეტაპს გაივლი და გამოცდებისთვის მომზადება ადრევე უნდა დაიწყო“, – ამბობს გუგა ბურდული.
გუგა ბურდული სწავლას ფილადელფიაში, Temple University-ში, Computational Data Science-ის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.
წელს ფულბრაიტს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიანტია.
განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების
მხარდაჭერაში.
„ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. წელს კი ჩვენი სტიპენდიატი – გუგა ბურდული ფილადელფიაში, ტემპლის უნივერსიტეტში გაემგზავრება. გვინდა მივულოცოთ მას ეს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები”, – აცხედებენ საქართველოს ბანკში.