ახალი ამბები

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე ამცირებს

5 აგვისტო, 2020 • 1492
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე ამცირებს

ეროვნული პანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8%-მდე შემცირდა. განაკვეთის შემცირებას სები უკავშირებს ივლისში ინფლაციის შემცირებას, რაც ცენტრალური ბანკის შეფასებით, შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის პროგნოზითვე, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს მთავრობის მიერ გაცხადებული 4%-ის ნაცვლად 5%-ით შემცირდება, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება განაგრძო და 5.7 პროცენტი შეადგინა, თვის დონეზე კი ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს. ამის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ნელი ტემპით აგრძელებს და ამ ეტაპზე განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს”,-აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 16 სექტემბერს ჩატარდება. “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 118 500 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება, რადგან პირველი ივლისის მონაცემებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე სწორედ ამდენი სესხია გაცემული. 118500 ხელშეკრულებიდან 34000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი- 845.4 მილიონი ლარი. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, პირველი ივლისის მონაცემებით, 44800 სესხია მიბმული.

მასალების გადაბეჭდვის წესი