ახალი ამბები

თბილისის ავტოპარკის 188 ძველი ავტობუსი წლის ბოლომდე ახლით ჩანაცვლდება – კალაძე

5 აგვისტო, 2020 • 1355
თბილისის ავტოპარკის 188 ძველი ავტობუსი წლის ბოლომდე ახლით ჩანაცვლდება – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკში არსებული ყველა ძველი ავტობუსი ახლით ჩანაცვლდება.

კალაძემ დღეს, 5 აგვისტოს, ქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის პარალელურად, მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, კერძოდ:

„დღეს გვყავს ავტოპარკში 650 ავტობუსი, ამ 650 ავტობუსიდან 454 უკვე არის ახალი, „ევრო 6“ ტიპის ავტობუსი, დარჩენილია დაახლოებით 188 და ამას წლის ბოლომდე მთლიანად ჩავანაცვლებთ. პარკი იქნება სრულად განახლებული. გარდა ამისა, 2021 წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა“, – ამბობს კალაძე და ამატებს, რომ პარალელურად, ასევე, მიმდინარეობს მიკროავტობუსის ჩანაცვლება, რაზეც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

კალაძემ სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ საცობზეც, რომელიც ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე შეინიშნებოდა. მისი თქმით, შაბათს აქ საცობი მართლაც იყო, რის გამოც, ბოდიშს იხდის.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავაადგილდები“, – თქვა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი