ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამულსარის საბადოს გადასარჩენად შეკრებილებს სომხეთში პოლიცია დაუპირისპირდა

4 აგვისტო, 2020 • 1900
ამულსარის საბადოს გადასარჩენად შეკრებილებს სომხეთში პოლიცია დაუპირისპირდა

სომხეთში, სოფელ ჯერმუკში, ამულსარის მთის საბადოში სამუშაოების წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქე აქტივისტებს, რომლებმაც საბადოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, პოლიცია დაუპირისპირდა.

სომხური მედიის ცნობით, აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეუერთდა, შეტაკების დროს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს არ სურს, რომ კერძო კომპანიის მიერ ოქროს მოპოვების მიზნით მთის ექსპლუატაცია მოხდეს.

საბადოზე სამუშაოებს კომპანია Lydian Armenia აწარმოებს. აქციები საბადოში სამუშაოების წინააღმდეგ 2014 წლის შემდეგ პერიოდულად იმართება. აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში გზას კეტავს. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა საბადოს მისადგომებთან ჩადგმულ ვაგონებში მორიგეობს.

მიმდინარე აქციის მიზეზი კი კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაგონების აღება გახდა 4 აგვისტოს ღამით.

იქამდე, 27-28 ივლისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 12 აქტივისტი დააკავეს. 30 ივლისს ადგილობრივთ მორიგეობა ამულსარის მისადგომებთან განახლდა.

სომხური მედიის ინფორმაციითვე, საბადოს ამჟამად იცავს კომპანიის დაცვა.

სომხეთში გარემოს დამცველთა და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების აზრით, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია ქვეყანაში ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამულსარის საბადო სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოქროს საბადოა. სხვადასხვა გათვლით, ის 70 ტონა ოქროს მოიცავს. ოქროს საბადო ჯერ კიდევ 2005 წელს კომპანიამ, სახელმწოდებით  «Lydian Armenia» აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი დამუშავებისთვის ინვესტორებს ეძებდა.

ოქრო თუ ეკოლოგია? – სომხეთში ამულსარის მთისთვის ბრძოლა გრძელდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი