ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის

4 აგვისტო, 2020 • 2003
ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის. ამის შესახებ ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ელისაშვილის გარდა თბილისში, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან”- ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პოლიტიკური გაერთიანება”ლელოდან”- ბადრი ჯაფარიძე და პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი- თაკო ჩარკვიანი.

პარტიის პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებას გააცნო “მოქალაქეების” გუდის წევრებიც. მათ შორის, ლევან იოსელიანი, ივანე ნორაკიძე, იოსებ კენჭაძე და გენრი დოლიძე.

საბურთალო არაა იმ ოლქებს შორის, რომელშიც საერთო მაჟორიტარების დაყენებაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე კონსულტაციების მონაწილე ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. აღნიშნულ ოლქში ამ ეტაპზე კანდიდატი არ დაუსახელებია “ევროპულ საქართველოს” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ელისაშვილი 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ამასთან, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ელისაშვილი მონაწილეობას იღებდა 2017 წელს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებშიც, სადაც თბილისის მერობისთვის იბრძოდა. ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და კახა კალაძესთან დამარცხდა. მერის არჩევნებში ელისაშვილმა ხმების 17.49%  მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი