ახალი ამბები

გირჩი მაჟორიტარი კანდიდატობის მსურველებს ეძებს

4 აგვისტო, 2020 • 1690
გირჩი მაჟორიტარი კანდიდატობის მსურველებს ეძებს

“გირჩი” მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარსადგენად ემზადება და მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველებს მოუწოდებს, რეგისტრაცია გაიარონ.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უთხრა, უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებს “გირჩის” წარმომადგენლები შეარჩევენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებენ მას ცესკოში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ რადგან ოპოზიციამ, თბილისის ექვსი ოლქის გარდა, ჯერჯერობით საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, “გირჩს” აქვს უფლება, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატები ჰყავდეს, თუმცა, შესაძლოა, პარტიას 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს.

“ჩვენ მაჟორიტარების წარდგენისთვის ვემზადებით. როგორც იცით, “გირჩმა” ერთიან ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა.

ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში “გირჩს” მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. მაჟორიტარობის მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე“, – აცხადებენ პარტიაში.

31 ივლისს “გირჩმა” გამოაქვეყნა საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელიც მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ვერც არჩევნებზე დარეგისტრირდება.

მიზეზი არის პარლამენის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული კანონი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. “გირჩის” საარჩევნო სიის ათეულში კი მხოლოდ კაცები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი