ნეტგაზეთი | აფხაზეთის ჯანდაცვა შიშობს, რომ პაციენტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება აფხაზეთის ჯანდაცვა შიშობს, რომ პაციენტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის ჯანდაცვა შიშობს, რომ პაციენტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება

აფხაზეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი სიტუაცია და რუსეთთან საზღვრის გახსნით  შესაძლო რისკები.

სოხუმის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთთან საზღვრის გახსნიდან 24 საათში აფხაზეთში შევიდა დაახლოებით 7 500 ადამიანი.

“ჩვენთან ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე ადგილობრივ მოსახლეობაში იფეთქა ეპიდემიამ. გუდაუთის საავადმყოფო შევსებას იწყებს. ყოველდღიურად დაახლოებით 8-10 პაციენტს ვავლენთ. უკვე ამ ეტაპზე გასაგები ხდება, რომ პაციენტთა ასეთი ნაკადის მართვა უკიდურესად რთული იქნება. თუკი ადგილობრივ მოსახლეობას შემოსულებს დავუმატებთ, უბრალოდ, ამოსუნთქვის საშუალება არ გვექნება და ვერ გავუწევთ დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს, ვერც სხვას”, – განაცხადა შეხვედრის დროს დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალხას კონჯარიამ.

მისივე განცხადებით, რუსეთთან საზღვრის გახსნამდე განიხილებოდა გამშვები პუნქტის ეტაპობრივი გახსნისა და აფხაზეთში შემოსული მგზავრებისთვის ცნობის ან კოვიდ-პასპორტის მოთხოვნის საკითხი. თუმცა, როგორ ის ამბობს, საზღვის სრული გახსნა და ნებისმიერი მოქალაქის შემოსვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოულოდნელი იყო მათთვის.

აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის, ანჟელა არჩელიას განცხადებით, უკანსკნელ პაციენტებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პაციენტებში ვირუსი უფრო მეტად აგრესიული გახდა.

“ინფიცირებულთა მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. ამიტომაც თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტები მეტ კონტროლს საჭიროებენ. დაინფიცირებულ ექიმებსაც კი უჭირთ დამოუკიდებლად საკუთარი თავის მიხედვა, აღარაფერს ვამბობთ რიგით მოქალაქეებზე”.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი ექიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობს. პაციენტს კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზევე დაუდასტურდა, თუმცა ადგილზე მკურნალობაზე უარი თქვა.

აფხაზური მხარის უკანასკნელი ოფიციალური სტატისტიკით [რომელსაც ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს], აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 98 პაციენტი, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი