ნეტგაზეთი | “ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” – “ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა “ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” – “ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა – Netgazeti
RU | GE  

“ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” – “ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა

“ლელომ” მთავრობის კანცელარიასთან აქცია, სახელმწოდებით “ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ” გაიმართა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა, აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება ქვეყნის ინსიტუტებისთვის დამანგრეველია. მისივე თქმით, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მის ლიდერს რუს ოლიგარქს უწოდებენ.

“აშშ-დან უკვე გვესმის ღია გზავნილები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. ეს პირველ რიგში დამანგრევლად აისახება ჩვენს ინსტიტუტებზე, საერთაშორისო პრესტიჟსა და ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ეს გზავნილი, რადგან “ქართულ ოცნებას” ახასიათებს გზავნილების თარგმანში შეცვლა და დაკარგვა. აქ მოვედით იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ რუს ოლიგარქსაც, რომ ქვეყანას არ დავუთმობთ და ჩვენ არსად წასვალს არ ვაპირებთ”,-აცხადებს ბუაძე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე და “ლელოს” წევრი დეა მეტრეველი ამბობს, რომ რუსული ინტერესები საქართველოში სულ უფრო მეტად ძლიერდება და ამაზე ის წერილები მიუთითებს, რასაც საქართველო საკუთარი პარტნიორებისგან იღებს:

“ნელ-ნელა რუსული ინტერესები სულ უფრო მეტად ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში და ამის მიზეზი ნათელია, რადგან ყოველდღე არა მხოლოდ საგანგაშო წერილებს ვიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან, არამედ თითოეული მოქალაქე ვგრძნობთ ამას. ძალიან მიხარია, რომ “ლელოს” ახალგაზრდებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციით თავიანთი სათქმელი გამოხატეს.”

კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს 27 ივლისს გაუგზავნეს. წერილში ისინი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი — პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.