ახალი ამბები

“კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია – რეგიონებში” – რაზე (ვერ) თანხმდება ოპოზიცია?

30 ივლისი, 2020 • 1690
“კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია – რეგიონებში” – რაზე (ვერ) თანხმდება ოპოზიცია?

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის ხანგრძლივი კონსულტაციები რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაზე უშედეგოდ სრულდება – თბილისის 6 ოლქზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „ევროპული საქართველო“ ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციას სთავაზობდა რეგიონებშიც, თუმცა ენმ-ს გადაწყვეტილი აქვს, თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში დააყენოს კანდიდატი. რა არგუმენტები აქვთ მხარეებს და რომელი საარჩევნო სტრატეგია შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი ოპოზიციისთვის?

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი შეთანხმდა სტრატეგიაზე: პარტიები რჩებიან ერთმანეთთან კონკურენციაში პროპორციული სიების ნაწილში, თუმცა თბილისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებენ. გამონაკლისია “პატრიოთა ალიანსი”, “ლელო”, ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” და ანა დოლიძის “ხალხისთვის”, რომლებიც საერთო ოპოზიციური შეთანხმების მონაწილეები არ არიან.

რაც შეეხება რეგიონებს, „ევროპული საქართველო“ “ნაციონალურ მოძრაობას” სთავაზობდა თბილისს გარეთ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმების ორ სხვადასხვა სტრატეგიას: 11/8-ზე ან 8/4-ზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 27 ივლისს განაცხადა, რომ რახან „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე არ იყო თანახმა, სხვა პარტიებს მოუწოდებდა, შეჯერებულიყვნენ საერთო კანდიდატებზე. მეორე დღეს, 28 ივლისს, გიგა ბოკერიამ დააზუსტა, რომ „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის მაჟორიტარებზე შეთანხმების მიღმა, ორ სტრატეგიას სთავაზობდა „და სთავაზობს ახლაც, თუმცა დრო ცოტა რჩება“.

პირველი სტრატეგიის თანახმად, 11 მაჟორიტარულ ოლქში ენმ წარადგენდა საკუთარ კანდიდატს, 8 ოლქში კი — სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, რომელსაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ენმ დაუჭერდა მხარს.

ეს 11 ოლქი, სადაც სხვა ყველა ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერდა ენმ-ის კანდიდატს, ბოკერიას თანახმად, იყო თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა.

8 ოლქი კი, სადაც ენმ-ს უარი უნდა ეთქვა საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და სხვებისთვის დაეჭირა მხარი, იყო თერჯოლა, სამტრედია, ზემო აჭარა (ხელვაჩაური/ქედა), ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა.

გიგა ბოკერიას თანახმად, თუკი ეს სტრატეგია არ გამოვიდოდა, „ევროპული საქართველო“ მეორე, „უფრო მარტივ“, ორპარტიულ ვერსიასაც სთვაზობდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

მეორე სტრატეგიის თანახმად კი, — თუკი პირველი არ განხორციელდებოდა, — „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 12 მაჟორიტარულ ოლქს შემდეგნაირად „იყოფდნენ“: 8 მაჟორიტარულ ოლქში ენმ საკუთარ კანდიდატს წარადგენდა, „ევროპულ საქართველოს“ კი შემდეგი ოთხი ოლქში ეყოლებოდა კანდიდატი:

  1. ზემო აჭარა – ტარიელ ნაკაიძე;
  2. მარტვილში ან ფოთში – გიგი უგულავა;
  3. თერჯოლა-ზესტაფონში — გიგი წერეთელი;
  4. ხონში — აკაკი ბობოხიძე.

“ჩვენი არგუმენტები ძალიან მარტივია: თუ, მაგალითად, 12 მაჟორიტარული ოლქში საერთო ძალისხმევას გავწევდით, რომ შეთანხმებულ კანდიდატს მიეღო ორივე პარტიის მხარდამჭერების ხმები, ალბათობა იმისა, რომ ეს კანდიდატები პირველ ტურში გაიმარჯვებდდნენ, ძალიან მაღალი იქნებოდა. 2018 წლის არჩევნების შედეგი გვაჩვენებს, რომ ამ ქალაქებში, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საერთო ჯამში, ოპოზიციამ აჯობა სალომე ზურაბიშვილს. იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ნიშნავს, ყველას ეყოლება თავის კანდიდატი, შესაბამისად, პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აღარ დარჩება და ყველაფერი მეორე ტურებზე გადავა. ამით ივანიშვილს ვაძლევთ დამატებით შანსს. ეს რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელზეც “ევროპული საქართველო” აპელირებს, აჩვენა, რომ მეორე ტურში ხელისუფლების მობილიზებამ და ორგანიზებამ გაცილებით მეტი ხმები მოიტანა, ვიდრე ოპოზიციური ელექტორატის ერთი კანდიდატის ირგვლივ აკუმულირებამ. არჩევნების პირველ ტურში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 615 572 ხმა (38.64%) მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 601 224 (37.74%) ხმა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის სხვა ძირითადმა კანდიდატებმა ოპოზიციიდან მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს მხარი, ენმ-ის კანდიდატის შედეგი მხოლოდ 179 456 ხმით გაუმჯობესდა, სალომე ზურაბიშვილის კი – 532 129 ხმით.

“ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები”, – ამბობს ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და ხაზს უსვამს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგებს შორის არსებულ ბმას. ენმ-ის არგუმენტია, რომ იმ ოლქებში, სადაც მაჟორიტარ კანდიდატს არ დააყენებს, პარტია პროპორციულ ნაწილშიც დაზიანდება.

“ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების საკითხია, რომ იმ ოლქში, სადაც საკუთარ ცნობად მაჟორიტარობის კანდიდატს არ აყენებს, პარტია გარკვეულწილად არჩევნების პროპორციულ ნაწილშიც ზიანდება. რეგიონებში, თბილისისგან განსხვავებით, პოლიტიკური სპექტრი უფრო ორპულუსიანია და მიგვაჩნია, ჩვენი მხრიდან სწორი სტრატეგიაა, რომ როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ყველგან დავაყენოთ კანდიდატები.

ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ პროპორციულ არჩევნებში პარტიის შედეგები არ დაზიანდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი გაიყვანოს, მაგრამ მანდატების პროპორციას რომ შევხედოთ,  არანაკლებ მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების შედეგი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველო” ზემოაღნიშნულ არგუმენტს ალოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ენმ-ისგან რამე რეალური არგუმენტი ან სხვა პროპორციის შემოთავაზება დახურულ შეხვედრებზეც არ მოუსმენია.

“თუ ეს ლოგიკა მუშაობს და 4 ოლქში, სადაც ენმ მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს, პროპორციულ ნაწილში ხმები დააკლდება, სანაცვლოდ 8 ოლქში ხომ მოემატება? ძალიან მარტივი არითმეტიკაა”, – ამბობს კაპანაძე, თუმცა, როცა მხარდაჭერის სინერგიის დათვლაზეა საუბარი, ენმ ხაზს უსვამს, რომ მას “დაახლოებით ოთხჯერ მეტი მხარდაჭერა” აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.

“ჩვენ ყოველთვის ერთიანობის მომხრე ვიყავით. იყო წინადადება ერთიანი პარტიული სიის ფორმირებაზეც, რაც სხვა პარტიებმა არ მოინდომეს. რადგან ასეთი ტიპის გაერთიანება ვერ შედგა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ არჩევნებში მაქსიმალური მანდატები აიღონ, მათ შორის, ჩვენი პარტიის ხმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რეალურად, ენმ-ს დაახლოებით ოთხჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველოს” აზრით, რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაზე უარის თქმით, ენმ პარტიული ინტერესით მოქმედებს და არა – უფრო მაღალი ინტერესით, როგორიცაა საერთო ოპოზიციური გამარჯვება ხელისუფლებაზე.

“ნაციონალური მოძრაობისკენ” თითის გაშვერის ვექტორმა, მე მგონი, ამოწურა თავი და დროა, შეიცვალოს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივი ძალისხმევით ძლიერი კანდიდატების შერჩევით”, – მიიჩნევს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“მე დიდი ხანია ვამბობ: კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია – რეგიონებში, როგორც ჩანს, ასეც იქნება. მე მივესალმებოდი, რომ “ევროპულმა საქართველომ”, “გირჩმა”, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ, “ლეობორისტებმა”, ბურჯანაძის პარტიამ, ეკა ბესელიას პარტიამ და კიდევ ერთი-ორმა შეძლონ და გაინაწილონ რეგიონების 22 ოლქი ან მათი უმრავლესობა – დაასახელონ საუკეთესო კანდიდატები და ყველა დაეხმაროს იმ კანდიდატს.

ეს ჩვენ დაგვაზღვევს ოპოზიციური მანდატების  უზრუნველსაყოფად იმიტომ, რომ იქნებიან 5 ნომერი კანდიდატები და იქნებიან ძლიერი, კონკურენტული 2 და სხვა ნომრის კანდიდატებიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეკა ბესელიამ უკვე დააყენა საკუთარი კანდიდატურა მცხეთაში. ალბათ, იგივეს იზამენ “ლეობორისტებიც” და სხვები”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება სინამდვილეში არც გამოდიოდა, ვინაიდან იმ 6 ოლქში, სადაც ოპოზიციის ნაწილი შეთანხმებულია, “ლელო”, ალეკო ელისაშვილი და სხვები მაინც აყენებენ კონკურენტებს, ხოლო თბილისის დარჩენილ 2 ოლქზე შეთანხმება ენმ-ის მიღმა არსებულ ოპოზიციას ამ დრომდე “ვალად ადევს”.

არაა გამორიცხული, თბილისის დარჩენილი 2 ოლქიდან ერთში საერთო კანდიდატი არ დავაყენოთ – ბოკერია

“საერთოდ სჯობს, რომ რაკი პროპორციულ სიაში მივდივართ ერთმანეთის კონკურენტებად, მაჟორიტარულ ნაწილში ზოგ ადგილას მაინც იყოს რამდენიმე პარტია შეთანხმებული. ჩემთვის მთავარია, საერთო ოპოზიციური გამარჯვება და არა ნომრების გამარჯვება ოლქებში. მთავარი განცდა, ვინ მოიგო არჩევნები, უკვე იქნება 31 ოქტომბერს ღამით. პროპორციულ ნაწილში 10-15 -მანდატიანი უპირატესობა თუ ექნება ჯამურად ურთიერთმოთანამშრომლე ოპოზიციას, მაშინ დადგება ეს ოპოზიცია და იტყვის, რომ ის არის მომავალი კოალიციური ხელისუფლება და ეს იქნება გამარჯვების განცდა, რომელიც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში (და აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნება მეორე ტური) უკვე გადატეხილ “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს”, – მიიჩნევს ბერძენიშვილი.

მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციის სტრატეგია უფრო მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის თუ მრავალფეროვნება, ძნელად პროგოზირებადია CRRC-ის უფროსი ანალიტიკოსის, დავით სიჭინავას აზრით. მკვლევარი მიიჩნევს, რომ არასწორია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აპელირებაც, რადგან ეს “ვაშლებისა და ფორთხოლების შედარება” იქნება, ვინაიდან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს განსხვავებული სპეციფიკა აქვს.

“ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული საარჩევნო ოლქის კონტექტსზე. მაჟორიტარული ოლქის დონეზე გამოკითხვების ჩატარება ცოტა რთულია, საერთო რეიტინგებით კი პროპორციულ ნაწილში ჯერჯერობით ხელისუფლებას ძალიან კარგად აქვს საქმე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მხოლოდ ორი რეალური კანდიდატის ყოფნას მაჟორიტარულ ოქლებში ოპოზიცია მაინც ვერ მიაღწევდა, რადგან მესამე პარტიები აყენებენ საკუთარ კადიდატურებს”, – ამბობს სიჭინავა.

ის იხსენებს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ოპოზიციის შეთანხმებამ საერთო ფორმატზე შედეგი ვერ გამოიღო და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა 73 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 2-ში გაიმარჯვეს.

“მაშინ მეორე ტურები არ იყო, მაგრამ ეს ისტორიულ გამოცდილებაც გასათვალისწინებელია”, – მიიჩნევს სიჭინავა და დასძენს, რომ “რთულია იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ერთი სტრატეგია იმუშავებს და მეორე – არა”.

ენმ აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, არ გადახედავს საკუთარ პოზიციას რეგიონებში 22-ივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა კომუნიკაციის არხს ღიად ტოვებს. საპირველტურო სტრატეგიისგან განსხვავებით, ენმ-ს და “ევროპულ საქართველოს” საერთო პოზიცია აქვთ მეორე ტურებთან დაკავშირებით – ორივე პარტია აცხადებს, რომ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს უპირობოდ დაუჭერენ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი