ნეტგაზეთი | თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც სოც. ქსელებს კონტენტის წაშლას ავალდებულებს თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც სოც. ქსელებს კონტენტის წაშლას ავალდებულებს – Netgazeti
RU | GE  
13.12.17 თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სხდომაზე. ფოტო: EMRAH YORULMAZ / ANADOLU / POOL

თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც სოც. ქსელებს კონტენტის წაშლას ავალდებულებს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ და სხვა პლატფორმებს დაავალდებულებს, დაემორჩილონ მთავრობის მოთხოვნას თავიანთი პლატფორმიდან კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით და მონაცემები თურქეთში შეინახონ, იტყობინება CBS News.

კანონის კრიტიკოსების აზრით, ის სოციალური მედიის გაკონტროლებისა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაა.

კანონის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიებს, რომლებსაც დღიურად მილიონზე მეტი მომხარებელი ჰყავთ, მოუწევთ თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა და კონტენტის დაბლოკვასა და წაშლაზე მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მათი დაჯარიმება, რეკლამების დაბლოკვა ან მათი [მონაცემების] გამტარობის შესაძლებლობის 90%-მდე შეზღუდვა, რის შედეგადაც მათზე წვდომა შეუძლებელი გახდება. კანონი ასევე მოითხოვს, რომ მომხმარებელთა მონაცემები თურქეთში იქნას შენახული.

კანონს მხარი დაუჭირა თურქეთის მმართველმა — “სამართლისა და განვითარების პარტიამ “ნაციონალისტ მოკავშირეებთან ერთად.

როგორც CBS წერს, ბოლო დროს სოციალური მედიის პოპულარობა გაიზარდა მათ შორის, ვისაც მთავრობისდამი ოპოზიციური განწყობა აქვს, ხოლო მეინსტრიმული მედიის უმრავლესობას ფლობს ბიზნესი, რომელსაც არ სურს მთავრობასთან ურთიერთობის გაფუჭება.

ამასთან ერთად, გამოცემის ცნობითვე, სოციალური მედიის შემთხვევაშიც მთავრობა ზეგავლენის მოხდენას ცდილობს — „ტვიტერის“ ცნობით, 2019 წლის პირვლ ნახევარში თურქეთიდან კონტენტის წაშლის 6 000 მოთხოვნა შევიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ კონტროლი გამკაცრდებოდა. მან ასე უპასუხა „ტვიტერში“ მისი შვილისა და შვილიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com