ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დეპუტატები ბიბილოვის წინააღმდეგ – ცხინვალის პოლიტიკური კრიზისი

30 ივლისი, 2020 • 1330
დეპუტატები ბიბილოვის წინააღმდეგ – ცხინვალის პოლიტიკური კრიზისი

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი

[ტექსტი შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყენებენ]. 


დღესდღეობით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის ქვეშაა. მოვლენებზე დამკვირვებელთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს დეპუტატებზე ზეგავლენის მოხდენის არამართლზომიერ მეთოდებზე და პარლამენტარიზმის ბოლო ნიშნების გაუქმებაზე. მეორე ნაწილი კი საპირისპიროშია დარწმუნებული — რომ კრიზისულმა ვითარებამ პარლამენტარიზმის ინსტიტუტის აღორძინებას ხელი შეუწყო.

რატომ „აღორძინებას“ და არა გაჩენას? რადგანაც სამხრეთ ოსეთის პირველი პარლამენტი, იგივე უზენაესი საბჭო, წარმოადგენდა აზროვნებით თავისუფალი სახალხო წარმომადგენლების კრებას. უზენაესი საბჭო ღია სადისკუსიო მოედანი იყო. სესიაზე მისვლა და დეპუტატების გამოსვლის მოსმენა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ადგილობრივი ძველი მცხოვრებლები იხსენებენ ამ პერიოდს, როგორც სახალხო ხელისუფლების არსებობის დროს, რომელიც საკმაოდ მალე დამთავრდა კიდეც.

ერთ-ერთმა იმ პირველ დეპუტატთაგან, ლუდვიგ ჩიბიროვმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. გუშინდელი მოკავშირეები, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, ან რუსეთში გაიქცნენ, ან ციხეში ამოყვეს თავი.

ამის შემდეგ პარლამენტი თავისუფალი აღარასდროს ყოფილა.

ჩიბიროვის მემკვიდრე, ედუარდ კოკოითი პარლამენტს აკონტროლებდა მის მიერვე ჩამოყალიბებული შეკავებისა და საპირწონეთა სისტემით. პარლამენტი მაშინ სამი ფრაქციისგან შედგებოდა: სახელისუფლებო პარტია „ერთიანობის“ ფრაქცია [რუსულ მაგალითზე დაყრდნობით], რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი ბიძა/დეიდაშვილი ზურაბ კოკოითი;

„სახალხო პარტიისგან“, რომელიც კოკოითიმ ფაქტიურად „წაართვა“ ოპოზიციას და იუსტიციის სამინისტროში ერთგულ ალექსანდრე პლიევზე „გადააფორმა“. პარტიის ადრინდელი შემადგენლობა რეპრესიებში მოჰყვა;

კომუნისტური პარტიისგან. მისი ლოიალობა კოკოითიმ იმით მოიპოვა, რომ მათი ლიდერი, სტანისლავ კოჩიევი პარლამენტის სპიკერის პოსტზე დანიშნა.

სამივე პარტია კოკოითის უსმენდა, მაგრამ ერთმანეთს შორის რბილი კონკურენცია იყო.

ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის დროს პარლამენტში უმრავლესობა მის სპიკერს, ანატოლი ბიბილოვს და პარტია „ერთიან ოსეთს“ ეკუთვნოდა — ხმათა 51% პროცენტი. კიდევ ორ ფრაქციას, შედარებით პატარას, თიბილოვი აკონტროლებდა მისი მონაწილოებით შექმნილი და მისი ხალხის მიერ მართული პარტიებით: „ხალხის ერთობა“ [ლიდერი — ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი და ექსკომბატანტი ვლადიმირ ხელეხსაევი] და „ნიხასი“ [მას სათავეში ცხინვალის მერი ალან ალბოროვი ედგა].

მეოთხე ფრაქცია იყო „სახალხო პარტია“, რომელზეც გავლენა ჯერ კიდევ ჰქონდა ედუარდ კოკოითის. კონტროლი ხორციელდებოდა მისი ერთგული ელექტორატის ხარჯზე, რომელსაც ზოგი ექსპერტი ფანკლუბსაც კი ადარებს.

ასეთ პირობებში, უმრავლესობა ბიბილოვს ჰქონდა, მაგრამ უფრო მცირე ფრაქციების თანხმობის გარეშე არ შეეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმების 2/3 მიეღო. ფრაქციების ასეთი პოზიციებიდან გამომდინარე, მოთამაშეებს შორის კომპრომისები ჩნდებოდა.

ამჟამინდელ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს საკუთარი თავი ოს ვლადიმერ პუტინად წარმოუდგენია და მიისწრაფვის, გადმოიღოს ხელისუფლების რუსული მოდელი, რომელიც, როგორც ცნობილია, არ ითვალისწინებს არც სამართლიან არჩევნებს და არც პოლიტიკურ ალტერნატივას.

მოსკოვს, როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა აკმაყოფილებს. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და მოსკოველმა კურატორმა — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასაზღვრო თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა 2019 წლის პარლამენტის არჩევნებზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ერთი პერსონა/კანდიდატურაც კი არ დაუშვეს. ისეთი, ვისაც შეეძლო პარლამენტში მყარი კოალიციის ორგანიზება და გავლენის ჯგუფის შექმნა, რომლის ინტერესების გათვალისწინებაც ბიბილოვს მოუწევდა — გაეყო ადგილები მთავრობაში ან კონტროლი რუსულ ფინანსურ ნაკადზე.

ანატოლი ბიბილოვს თავი ერთპიროვნული მმართველი ეგონა (განწყობა იმ დროიდან არ შეცვლია) და ძალაუფლების გაყოფას არ აპირებდა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩაატარეს ოპერაცია, რათა არ დაეშვათ [არჩევნებზე] ისინი, ვისაც პრეზიდენტისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო. არასასურველი პარტიები არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურეს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაზე უარს მოგონილი მიზეზებით ეუბნებოდა.

ოპოზიციური საპარლამენტო „სახალხო პარტია“, რომლის დაუშვებლობაც შეუძლებელი იყო, აიძულეს, საჯაროდ განდგომოდა ყოფილ ლიდერს, ედუარდ კოკოითის და ეჩვენებინა საკუთარი ერთგულება ანატოლი ბიბილოვის მიმართ.

კიდევ ორი საპარლამენტო პარტია, რომელთა დაუშვებლობაც არჩევნებზე, ან გაუქმება შეუძლებელი იყო, „ნიხასი“ და „ხალხის ერთობა“ იყო. ლეონიდ თიბილოვმა გადადგომის შემდეგ მათზე კონტროლი დაკარგა და ისინი საკუთარი თავის ამარა დარჩნენ.

ანატოლი ბიბილოვის შეწუხება ერთადერთი „ნიხასს“ თუ შეეძლო. მასში არჩევნებამდე გამოჩნდა ორი ახალგაზრდა პოლიტიკოსი — დავიდ სანაკოევი და ალან გაგლოევი, რომელთა უკანაც გაგლოევების გავლენიანი კლანი დგას. ალან გაგლოევს აიძულეს, საჯაროდ ეთქვა უარი პარტიის ლიდერობასა და არჩევნებში მონაწილეობაზე. პარტიის თავმჯდომარის, ალან ალბოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ათი წლის წინანდელი სამართალდარღვევებისთვის.

შემდეგ „ნიხასს“ სათავეში ჩაუდგა დავიდ სანაკოევი, რომელიც კანონის წინაშე ნაკლებად მოწყვლადი, ხოლო ზეწოლის წინაშე უფრო ამტანი გამოდგა.

არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა „მიუსაფარ“ დეპუტატებს ფული [პრემია ლოიალობისთვის] და თანამდებობები დაურიგა, მათ კი, თავის მხრივ, გააკეთეს მისთვის სასიამოვნო განცხადებები, რომ მზად არიან, პრეზიდენტ ბიბილოვთან ერთად აშენონ ქვეყანა.

თუმცა მათი ლოიალობა დიდხანს არ გაგრძელდა. პირველი სესიიდან სამი თვის შემდეგ, დეპუტატთა კორპურსის „მიუსაფრმა“ ნაწილმა პრეზიდენტს უმთავრესი — შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომა მოსთხოვა.

აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია იმ ადამიანის კონტროლი, ვისაც თანამშრომლობაში მუდმივი დაინტერესება არ აქვს. დეპუტატების ლოიალობა გაცამტვერდა, როგორც კი ბიბილოვის ნაჩუქარი ფული ამოიწურა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბილოვმა თავადაც განაწყო ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ დიქტატორული მიდგომებითა და საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით.

ძალიან მალევე, დეპუტატებს მოუნდათ დაებრუნებინათ საზოგადოების პატივისცემა, საკუთარი პრინციპულობისა და დამოუკიდებლობის ჩვენება, აქამდე ერთგული მფარველებისა და, რა თქმა უნდა, ხალხის თვალში რეაბილიტაცია. ამ განწყობის ცვლილების შედეგი ის ფაქტია, რომ დღეს ანატოლი ბიბილოვს საპრეზიდენტო „ერთიანი ოსეთის“ 34 დეპუტატიდან მხოლოდ 14-ის ერთგულების იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ახლა პარლამენტში საჭირო გადაწყვეტილებების „გატანა“  უზარმაზარი ძალისხმევის ფასად უწევს: დეპუტატებს იძახებენ პრეზიდენტთან, სადაც პირადად არწმუნებს, ემუქრება, აშანტაჟებს. ერთგული ხალხი პარლამენტში კი კანონს არღვევს — ბლოკავს პრეზიდენტისთვის არასაჭირო ინიციატივებს და სესიების პროტოკოლებსაც კი აყალბებს.

ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი და პრეზიდენტსა და მის გუნდს კოლოსალურ რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

წინა წლის შემოდგომაზე 20-მა დეპუტატმა [საკონსტიტუციო უმრავლესობა] მოითხოვა შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელების, როგორც ციხეებში პატიმრების წამებაზე პასუხისმგებელი პირების, გადადგომა. რეგლამენტის დარღვევით, პარლამენტს ორი თვის განმავლობაში შეკრების უფლებას არ აძლევდნენ. ორი თვის განმავლობაში დეპუტატები პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მაგრამ 20-დან მხოლოდ 4 „გადმოიბირეს“. მინისტრები მინიმალური სხვაობით შეინარჩუნეს — 16 ხმა 18-ის წინააღმდეგ.

ამ წელს, ივნისის დასაწყისიდან და საპარლამენტო არდადაგების დაწყებამდე (21 ივლისამდე), ბიბილოვსა და პარლამენტს შორის ბრძოლის მეორე რაუნდის მოწმენი გავხდით. დეპუტატებმა “სამაგიერო” გადაუხადეს პრეზიდენტს შარშანდელი მარცხისთვის და უფრო მეტიც — მოახერხეს, ეჭვქვეშ დაეყენებინათ პრეზიდენტისა და მისი პარტიის პოლიტიკური მომავალი.

პრეზიდენტმა შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პრეზიდენტის ფონდის გაზრდას ბიუჯეტის სახარჯო ნაწილის 5%-მდე და მთავრობის ფონდის გაზრდას ამავე ბიუჯეტის 3%-მდე. მთლიანობაში გამოდის დიდი თანხა —  ბიუჯეტის [რომელიც შვიდნახევარ მილიარდ რუბლს შეადგენს] სახარჯო ნაწილის 8%. ბიუჯეტის სახარჯო ნაწილია 7,5 მილიარდი რუბლი, ანუ, ორი ფონდის მთლიანი მოცულობა წელიწადში 600 მილიონი რუბლი [თითქმის 8,5 მილიონი დოლარი] იქნება.

კანონპროექტის განხილვამდე პრეზიდენტის ხალხმა პარლამენტის კულუარებში განმარტებითი საუბრები ჩაატარეს. მათი თქმით, პრეზიდენტი თითქოს შეუთანხმდა მოსკოვს რესპუბლიკისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და აღნიშნული ფულის გატანა მხოლოდ მთავრობისა და პრეზიდენტის სპეციალური ფონდებით თუა შესაძლებელი.

დეპუტატებმა ეს ისტორია არ ირწმუნეს და მიიჩნიეს, რომ კანონპროექტი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების დაწყებაა და მცდელობა, რეგიონისთვის გამოყოფილი რუსული ფული თვითპიარზე დაიხარჯოს — ძველი შენობების რემონტზე, მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე და ა.შ.

600 მილიონი რუბლი წელიწადში კოლოსალური თანხაა რესპუბლიკისთვის, რომლის მუდმივი მოსახლეობაც 40 000 ადამიანს არ აღემატება. ასეთი რესურსებით შეიძლება გახდე კეთილი ჯადოქარი, რომელსაც არ ეყოლება კონკურენტები არც 2022 წლის საპრეზიდენტო და არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ბუნებრივია, დეპუტატებმა უარი თქვეს — განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მიზეზებს, რომელთა გამოც პრეზიდენტმა ფული მათი ნებართვის გარეშე უნდა განკარგოს.

ამ გადაწყვეტილების ფასზე ბიბილოვის რეაქციით შეიძლება ვიმსჯელოთ. იგი სხდომათა დარბაზში მივიდა 200 შეიარაღებულ სპეცრაზმელთან ერთად [34 დეპუტატის წინააღმდეგ]. ერთ-ერთ დეპუტატს, რომელმაც პროტესტის გამოხატვა სცადა, ძალოვნებმა გვერდები დაუჟეჟეს, მიუხედავად მისი ხელშეუხებლობისა.

ბიბილოვს ფონდებზე სიტყვაც არ დაუძრავს. იგი პარლამენტარებთან სხვა საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამდა, თუმცა ყველას ესმოდა — პრეზიდენტი განრისხებულია იმიტომ, რომ ფული წაართვეს. ფაქტიურად, ბიბილოვი დეპუტატებს ღიად ემუქრებოდა ძალადობით.

თუმცა საქმე უკვე გაკეთებული იყო — კანონის თანახმად, უარყოფილი კანონპროექტის ხელმეორედ განხილვა მისი დაწუნებიდან მინიმუმ 1 წელიწადშია შესაძლებელი.

აქ პარლამენტარებს რთულია ოპოზიცია უწოდო და ვერც ლიბერალური ხედვების ქონაში ამხელ. მათი უთანხმოება უფრო ჰგავს კამათს ღირსებაზე. ისინი ვერ ხედავენ მიზეზს, თუ რატომ უნდა იდგნენ არაფრით გამორჩეული ჩინოვნიკები მათზე მაღლა, ადგენდნენ თავიანთ დღის წესრიგს და უგულებელყოფენ მათ უფლებებს.

ამ უთანხმოებას არაპროგნოზირებადი შედეგი მოაქვს — ზოგჯერ უკმაყოფილება საკონსტიტუციო უმრავლესობას, 20 ხმას აღწევს, ზოგჯერ კი უმცირესობაში რჩება 16 ხმით. ყველაფრის მიუხედავად, ეს პროცესები – დისკუსიები ღირსება-უღირსობაზე ამომრჩეველს ართობს.

პრეზიდენტის გუნდსა და თავისუფალ პარლამენტარებს შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდა, როდესაც პარლამენტარებმა შეიტყვეს, რომ სამთავრობო მედიაზე აღარ აქვთ წვდომა.

პარტიებმა, „ნიხასმა“, „სახალხო პარტიამ“ და „ხალხის ერთობამ“ ფეისბუქში გვერდები შექმნეს, მათმა წარმომადგენლებმა დაიწყეს სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გაზიარება ამა თუ იმ საკითხზე და საპარლამენტო სესიების ვიდეოების „ჩაგდება“.

ურთიერთობის ასეთ ფორმატს საზოგადოება დადებითად აღიქვამს, თავისუფალი დეპუტატები პოპულარობას იძენენ, ხოლო პუტინის ადგოლობრივი ვერტიკალი თვალწინ იშლება.

საპარლამენტო არდადეგებამდე მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. პირველად მთელი პოსტსაბჭოთა დროის განმავლობაში, 34-დან მხოლოდ 17-მა დეპუტატმა მიიჩნია მთავრობის მუშაობა დამაკმაყოფილებლად. თანაც, მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა შეფასება „არადამაკმაყოფილებელს“, ორი ვიცე-სპიკერია — ალექსანდრ პლიევი და ვლადიმერ ხელეხსაევი.

თავისუფალი დეპუტატები არ შეაცბუნა იმ გარემოებამ, რომ სესიაზე პრეზიდენტიც იყო და პირადად პასუხობდა კითხვებსა და პრეტენზიებს მინისტრთა კაბინეტის მისამართით.

დეპუტატმა „სახალხო პარტიიდან“, ამირან დიაკონოვმა მთავრობას ბრალი დასდო საბიუჯეტო წყობის ძირითადი პრინციპების კანონის შეუსრულებლობაში: საინვესტიციო პროგრამები არ მტკიცდება პარლამენტში, სახელმწიფო შესყიდვები კონკურსის გარეშე ტარდება, კონტრაქტორებს სავალდებულო ტენდერის გარეშე ადგენენ.

პარტია „ნიხასის“ ლიდერმა ალან გაგლოევმა [იგი დეპუტატი არაა, მაგრამ როგორც პარტიის თავმჯდომარეს, უფლება აქვს სესიას დაესწროს და განხილვებში მიიღოს მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე] და დეპუტატმა დავიდ სანაკოევმა პრეზიდენტს წნელისის კრიზისთან დაკავშირებით დამნაშავე უწოდეს.

მათ შეახსენეს ბიბილოვს, რომ ზუსტად მან უგულებელყო საპარლამენტო კომისიის დასკვნები, რომელიც კრიზისამდე წელიწადნახევრით ადრე აჩვენებდა სამხრეთ ოსეთის დასავლეთ საზღვარზე მავრთულხლართებისა და სასაზღვრო პოსტების განთავსების აუცილებლობაზე. სხვა შემთხვევაში, ამ ტერიტორიას ქართველები დაიკავებენ და ამას აღარაფერი ეშველება — ამბობდნენ კომისიაში, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა რეკომენდაციები დემონსტრაციულად აირიდა.

2019 წელს მინისტრთა კაბინეტის მუშაობისა და „წნელისის კრიზისის“ განხილვა პრეზიდენტისთვის და მთავრობისთვის დამამცირებელ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რომლის შემდეგაც სახალხო წარმომადგენლები შვებულებაში გავიდნენ.

დამკვირვებლები, რომლებიც ბოლო სესიას თვალს ადევნებდნენ, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი აღარაა ისეთი, როგორც ადრე, რომელიც უპატივცემულობას გამოხატავდა და სხვებს ჭკუას არიგებდა — ამჯერად მხოლოდ იღრინებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი