ახალი ამბები

რამდენს ხარჯავს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი გარემოს დაცვაზე – კვლევა

30 ივლისი, 2020 • 1910
რამდენს ხარჯავს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი გარემოს დაცვაზე – კვლევა

2020 წელს თბილისის ბიუჯეტში გარემოს დაცვაზე გამოყოფილი თანხა მთლიანი ბიუკეტის 10.9%-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ საუბარია რეგიონული პროექტის ფარგლებში- „ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში ადგილობრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინაში“.

კვლევის მიხედვით, რომლის მიზანსაც მოსახლეობის ყველაზე დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ანალიზსა და განხორციელებული ღონისძიებების შესწავლას წარმოადგენდა, გამოიკვეთა, რომ თბილისი გარემოსდაცვითი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხებით ბათუმს და ქუთაისს ჩამორჩება.

კერძოდ, 2020 წლის თბილისის ბიუჯეტში, რომელმაც 1 021 400 600 ლარი შეადგინა, ამ მიზნით ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 10.9%-ია გათვალისწინებული, რაც თანხობრივად 111 348 100 ლარია.

ამ მხირვ, მთიან ბიუჯეტთან შეფარდებით, თბილისზე მეტ თანხას, ბიუჯეტის 12.8 %-ს ხარჯავს  ქუთაისის მერია, რომლის 2020 წლის ბიუჯეტიც 61 236 200 ლარს შეადგენს, გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის კი 7 848 500 ლარია  გათვალისწინებული.

გარემოსდაცვით ღონისძიებებში დახარჯული თანხების ბიუჯეტთან თანაფარდობით დანარჩენ ორ ქალაქს ბათუმი უსწრებს, რომელიც 2020 წელს მთლიანი ბიუჯეტის 18.4% გარემოსდაცვითი ღონისძიებებისთვის არის გათვალისწინებული. ქალაქის მთლიანი ბიუჯეტი 158 227 500 ლარია, ამ მიმართულებით კი 29 122 300 ლარი უნდა დაიხარჯოს.

კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, მნიშნველოვნად არ შეცვლილა ამ მიზნით გამოყოფილი თანხების თანაფარდობა ამ ქალაქების ბიუჯეტებთან. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით,  თბილისის 10.8% იყო, ქუთაისის- 13% ბათუმის კი – 17.4%.

მუნიციპალიტეტების მიერ გარემოსდაცვის კუთხით დაგეგმილი აქტივობები ასე გამოიყურება:

ქუთაისის მერია

  • 2019-2020 წლებში ქუთაისში ჩატარდა 50-მდე დასუფთავების აქცია/კამპანია;
  • 2020 წლის თებერვალში მოეწყო 7-მდე მასშტაბური დასუფთავების აქცია – გამწვანება;
  • ქუთაისში შენდება კომპოსტირების ცენტრი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის გარემოსდაცვითი აქტივობები:

  • სხვადასხვა ორგანიზაციის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ხარჯების გარკვეული ნაწილის დაფინანსება;
  • შეხვედრები მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვასა და მსგავსი თემატიკის საკითხებზე;
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის, ტერიტორიების დაგვა – დასუფთავება;
  • ნარჩენების გატანა;
  • ქუჩების დეზინფექცია;
  • სანიაღვრე სისტემის გაწმენდა;
  • მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა / განვითარება;
  • ქალაქის გამწვანება, მოვლა–პატრონობა და სკვერების კეთილმოწყობა;
  • ხე–მცენარეების გადაბელვა, შენარჩუნება;
  • მიუსაფარი ცხოველების ოპერირება და მათგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისა და ცოფის გავრცელების პრევენცია.

ბათუმის მერია

  •  2019-2020 წლებისთვის ბათუმში 80-მდე დასუფთავებისაქცია/კამპანია ჩატარდა;
  • კონკრეტულად, 2020 წლის დასაწყისში ბათუმში მოეწყო 10-მდე მასშტაბური დასუფთავების აქცია;
  • ბათუმის სასათბურე მეურნეობის მეშვეობით, 2020 წლის დასაწყისში დაირგო 8,000-მდე ხე-მცენარე;
  • მიმდენარე წლის ბოლომდე გამწვანების სამსახურს დაგეგმილი აქვს ქალაქში 6,000-მდე ხე-მცენარის დარგვა (რაც მთლიანობაში შეადგენს 14,000 დარგულ ხე-მცენარეს 2020 წლის განმავლობაში);
  • განხორციელდა დასუფთავებისა და გამწვანების აქციები; აღსანიშნავია ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარებული გამწვანებითი ღონისძიება.

ბათუმის გარემოსდაცვითი აქტივობები:

  • სხვადასხვა ორგანიზაციის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ხარჯების გარკვეული ნაწილის დაფინანსება;
  • შეხვედრები მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან გარემოსდაცვასა და მსგავსი თემატიკის საკითხებზე;
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის, ტერიტორიების დაგვა – დასუფთავება;
  • ნარჩენების გატანა;
  • ქუჩების დეზინფექცია;
  • სანიაღვრე სისტემების გაწმენდა;
  • მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა, განვითარება;
  • ქალაქის გამწვანება, მოვლა–პატრონობა და სკვერების კეთილმოწყობა;
  • ხე–მცენარეების გადაბელვა, შენარჩუნება;
  • ქალაქის გამწვანების ღონისძიებები;
  • სანერგე-სასათბურე მეურნეობის მოვლა-ექსპლუატაცია;
  • მიმდენარე წლის ბოლომდე, გამწვანების სამსახურს ქალაქში 6,000-მდე ხე-მცენარის დარგვა აქვს დაგეგმილი.

თბილისის მერია

  • 2019 წელს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გამოიკვეთა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ჩატარდა ჰიდროლოგიური კვლევა (თბილისის ზღვას გააჩნია 3 სანიტარული დაცვის ზონა. თბილისის მოსახლეობის 30%-ს სასმელი წყალი თბილისის ზღიდან მიეწოდება);
  • 2019 წელს განხორციელდა თბილისის ადგილობრივი ტყის საფარის ინვენტარიზაცია/აღწერა.

თბილისის გარემოსდაცვითი აქტივობები:

  • დასუფთავების კამპანიები;
  • ხე-ტყის ჭრის მონიტორინგი;
  • გამწვანება;
  •  გამწვანების ხარისხის მონიტორინგი;
  • კვლევა თბილისის კლიმატისთვის შესაფერისი ხეების სიის დასადგენად;
  • დიღმის ჭალების პროექტი;
  • ახალი პარკების მოწყობა/გაშენება (მაგალითად, თემქის ხევის პარკი. გამიზნულია 40,000 ადამიანზე. ამ მიმართულებით გამოყოფილია 43 მილიონი ლარი 2 წლის განმავლობაში);
  • გამწვანების მიზნით/ხეეებისთვის 10 მილიონი ლარის შესყიდვების განხორციელება;
  • ტყის განახლების პროექტი (ტყის მიერ ქალაქის გამონაბოლქვის შთანთქმა, გარედან შემომავალი დაბინძურებული ჰაერის შეკავება).
  • თბილისის მერიაში სკოლის ეკოკლუბების შეხვედრა სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე;

მუნიციპალური კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში- „ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში ადგილობრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინაში“.

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი დღის წესრიგის შესწავლა და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება საქართველოსა და უკრაინის 6 ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, კიევი, ლვოვი, კრივოი როგი. პროექტის ავტორებს ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ქართველი და უკრაინელი სტიპენდიანტები წარმოადგენენ.

წაიკითხეთ კვლევა სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი