ახალი ამბები

რა პასუხი აქვს თსუ-ს იაგო კაჭკაჭიშვილის კითხვებზე

29 ივლისი, 2020 • 2055
რა პასუხი აქვს თსუ-ს იაგო კაჭკაჭიშვილის კითხვებზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს არ სურს უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის თვითპლაგიატში დადანაშაულების საკითხზე კომენტარის გაკეთება.

“შემოსულია [ეთიკის] კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა განიხილოს აკადემიურმა საბჭომ. სანამ არ განუხილავს, რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, – ამბობს შარვაშიძე.

აკადემიურმა საბჭომ უნდა განიხილოს თსუ-ში შექმნილმა ეთიკის კომისიის დასკვნა, რომლითაც იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინდა. კომისია თსუ-ში, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების საფუძველზე, დავით ნადირაძის მიმართვის შემდეგ შეიქმნა. ამ ფაქტს წინ უძღოდა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის პლაგიატის საკითხის წამოწევა. შესაბამისად, მიმდინარე პროცესს კაჭკაჭიშვილი რექტორის მხრიდან შურისძიებად მიიჩნევს. მისი ინფორმაციით, მომჩივანი დათო ნადირაძე არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია და არც – თსუ-ის თანამშრომელი, თუმცა იყო გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მის ოჯახთან დაახლოებული პირი, რაც ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

“დიახ, მე დავინტერესდი ამ საკითხით და შევიტანე წერილი თქვენთან “ფეისბუკზე” კომუნიკაციის შემდეგ, როცა ვნახე, რომ თქვენი დისერტაცია და წიგნი copy-paste იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ აბრალებდით სხვა ადამიანს პლაგიატს (რაც სერიოზული ბრალდებაა) და ამის დასამტკიცებლად სასამართლოში წასასვლელად არაფერი გაგიკეთებიათ. ამას უფრო ტალახის სროლას და პასუხისმგებლობის აუღებლობას დავარქმევდი. წარმოუდგენლად რომ ეჩვენება ხალხს, როცა ადამიანს უსამართლობის დანახვაზე სადმე წერილის შეტანა შეუძლია, სამწუხაროა. გია შარვაშიძეს ისევე ვიცნობ, როგორც თქვენ და მისი მეუღლის ცენტრის 800 სტიპენდიანტიდან ერთ-ერთი ვარ. თანამშრომელი და ოჯახთან დაახლოებული პირი რანაირად გამოვდივარ, ცოტა ამოუხსნელია. წადით, სასამართლოში იჩივლეთ და დაამტკიცეთ სიმართლე. როდემდე უნდა ისროდეთ ტალახს და ვერ იღებდეთ ნასროლ ტალახზე პასუხისმგებლობას?” – წერს ნადირაძე იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტის პასუხად.

ეთიკის კომისიის დასკვნას იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით ხელს აწერენ კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი და წევრები: ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილი მათ საჯარო კითხვებით მიმართავს:

  1. “დასკვნაში არ წერია, რომ დისერტაციის წიგნად გამოშვება (თუნდაც, მაგისტრატურის დახმარე სახელმძღვანელოს სახით) არ შეიძლება (ამას ვერც იტყოდით), თქვენ გადაცდომად ჩამითვალეთ ის, რომ წიგნში ერთი წინადადებით არ ვახსენე, წიგნი სადისერტაციო ნაშრომს არსებითად რომ იმეორებს. მაშინ, როდესაც 2001 წელს ავტოპლაგიატი სრულიად უცნობი მოვლენა იყო საქართველოს აკადემიური სივრცისთვის (და მნიშვნელოვად საკამათო – საერთაშორისოსთვის), თანაც, როდესაც საქმე ეხება გამოუქვეყნებელი დისერტაციის გამოქვეყნებას, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ავტორს ბრალი დასდოთ მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში?”
  2. “დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს „კომპილაციის ნიშნებს“. რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ დისერტაცია, რომელიც შესრულებულია თეორიული სოციოლოგიის სფეროში და მოეთხოვება (!), რომ განიხილოს სოციალურ-თეორიული პარადიგმები, დაცლილი იყოს ყოველგვარი კომპილაციურობისგან?”
  3. “რატომ არ ჩაატარეთ ინტერვიუ ჩემთან? ეს ხომ ეთიკის კომისიის მუშაობის სტანდარტის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია? რატომ დაწერეთ დასკვნა ისე, რომ ჩემი მოსაზრებები არ მოისმინეთ?”
  4. “თქვენ იცოდით, რომ ეთიკის კომისია შეიქმნა მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი პროტესტი რექტორის გამჟღავნებულ პლაგიატთან დაკავშირებით. არ გაგიჩნდათ განცდა, რომ შურისძიების აქტში მონაწილეობთ ჩემ წინააღმდეგ?”

კომისიის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში მედიასთან კომენტარს არ აკეთებდნენ, დღეს კი, პროფესორმა ზვიად აბაშიძემ კომისიის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე კომისიის წევრების დუმილი უპასუხობასა და პოზიციის არქონას არ ნიშნავს და ეს უფრო თავშეკავება იყო. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, არამედ მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი და კორპორაციული ეთიკის მიხედვით, უნივერსიტეტთან აფილირებულ პროფესორს უფლება არ აქვს, წევრობაზე უარი თქვას.

“შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა.  იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, კომისიის წევრები ამბობენ, რომ ამ ტიპის „თვითპლაგიატის“ თაობაზე არავითარი რეგულაცია და წესი არ არსებობს და, შესაბამისად, მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება შეუძლებელია.

“იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია. დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ! ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში”, – ამბობს ეთიკის კომისია.

რაც შეეხება კომპილაციის საკითხს, კომისია მიუთითებს, რომ დასკვნაში წერია არა ის, რომ ნაშრომი კომპილაციაა, არამედ ის, რომ “შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და, მით უმეტეს, სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია”.

კომისია ამბობს, რომ პასუხი გასცა ორ დასმულ კითხვას და შექმნა შუალედური დოკუმენტი, რომელიც, “რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნა, რომელიც პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ “თვითპლაგიატიზმსა” და სხვისი ნაშრომების “კომპილაციაზე” მიუთითებს, 24 ივლისს ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-მ გამოაქვეყნა. თსუ-ში ამბობენ, რომ ინფორმაცია მათ არ გაუციათ.

დასკვნის საბოლოო ნაწილში ეთიკის კომისია აკადემიურ საბჭოს მიმართავს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცედენტი მიზანშეწონილი არ არის.

“სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი! სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა! ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი და რომ ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი . ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თსუ-ის რექტორის პლაგიატთან დაკავშირებით ხმამაღლა გამოხატა პროტესტი, რექტორმა შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყო, მათ შორის, ბათუმის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის ნებართვა არ მისცა. თსუ-ის A კატეგორიის პროფესორებს, რომელსაც განეკუთვნება იაგო კაჭკაჭიშვილი, სხვა უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვა შეუძლიათ, თუ აქვთ თსუ-ის ადმინისტრაციის თანხმობა და მეორე უნივერსიტეტს თსუ-სთან გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

“ეგონათ, ბათუმის უნივერსიტეტში არალეგალურად და იმაზე მეტხანს ვკითხულობდი ლექციებს, ვიდრე სინამდვილეში, და მოინდომეს ჩემი დაჯარიმება. თსუ-მა ბათუმის უნივერსიტეტში გააგზავნა შეკითხვა ფორმულირებით: “გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ იაგო კაჭკაჭივილი თქვენს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2009 წლიდან. სინადვილეში, ბათუმის უნივერსიტეტში ლექციებს 2017 წლიდან ვკითხულობ.  იქ კვირის ბოლოს ან არდადაგებზე მივდივარ. ამას ამაგრებდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მეორე რეგულაცია რექტორის ნებართვასთან დაკავშირებით შემოვიდა უფრო გვიან – 2018 წლიდან. ამის შემდეგ ნებართვისთვის მივმართე რექტორს და დასტური მივიღე, მაგრამ ეს განცხადება კანცელარიიდან გაქრა, მე კი ასლი არ შემინახავს”, – განუცხადა კაჭკაჭიშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისი დაჯარიმება ვერ მოახერხა, თუმცა, როცა ახალი სემესტრიდან თსუ-ის რექტორს ისევ მიმართა ბათუმის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის ნებართვაზე, ეს ნებართვა ვერ მიიღო.

გიორგი შარვაშიძის თქმით, ის არ ეთანხმება ბრალდებას, რომ კაჭკაჭიშვილს სხვა უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვაში ხელს უშლის.

“ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ჩვენი უნივერსიტეტის, სადაც აფილირება არის გამოკვეთილი. ეს პოლიტიკა ახალი და ერთი ადამიანისთვის შექმნილი არ არის. აფილირება უნდა აღნიშნოს პროფესორმა, რომელ უნივერსიტეტში მუშაობს. არავინ არავის არაფერს უკრძალავს, პირიქით, წესის მიხედვით თუ არის ყველაფერი გაკეთებული, ყველაფერი იქნება გადასარევად, ძალიან კარგად”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა.

კერძოდ, კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და გამოუქვეყნებელი ნაშრომის (დისერტაციის) წიგნად გამოცემა არ შეიძლება, გადაცდომად ჩაითვალოს.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი