ახალი ამბები

ვინ იქნება ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

29 ივლისი, 2020 • 1594
ვინ იქნება ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აგვისტოს პირველ კვირაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტად ბაიდენი რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. მართალია, ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, თუ ვისზე შეჩერდება არჩევანი, თუმცა ცნობილია, რომ ის არ იქნება კაცი. ჯერ კიდევ 15 მარტს, დემოკრატთა შიდა დებატების დროს, ბაიდენმა დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტად ქალს აირჩევდა.

რატომაა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა მნიშვნელოვანი?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვანი  თანამდებობაა, რადგან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, სწორედ ის გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომის/გარდაცვალების ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში [მაგალითად, ოვალური კაბინეტი 1963 წელს ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ბეინს ჯონსონმა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის შემდეგ დაიკავა, 1974 წელს კი, ჯერალდ რუდოლფ ფორდმა რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონის გადადგომის შემდეგ].

ვიცე-პრეზიდენტი აგრეთვე შეიძლება გახდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი — თუ, მაგალითად, პრეზიდენტს ოპერაციას უტარებენ და ა.შ [ბოლოს ასეთი შემთხვევა ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას მოხდა, 2007 წელს, იქამდე კი 43-ე პრეზიდენტის მამა, რონალდ უილსონ რეიგანის ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ორჯერ იყო მოვალეობის შემსრულებელი].

ამ ყველაფერთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არაა და აშშ-ის კონგრესის სენატის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა — ამ დროს გადამწყვეტ ხმას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი აძლევს.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური მნიშვნელობა

ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მნიშვნელობა აქვს არჩევნებზეც. ხშირ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტმა პარტიის კანდიდატების დაბალანსების ფუნქცია უნდა შეასრულოს: მაგალითად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდაა, ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება შეარჩიონ შედარებით ხანდაზმული და გამოცდილი პოლიტიკოსი ან პირიქით [უახლესი ისტორიიდან — ობამა-ბაიდენის წყვილი 2008 წელს და რომნი-რაიანის- 2012 წელს].

მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიასაც — კანდიდატს ჩრდილოეთის შტატიდან ვიცე-პრეზიდენტად, როგორც წესი, სამხრეთელი პოლიტიკოსი ჰყავს [მაგალითად — ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკიდან და ტიმ კეინი ვირჯინიიდან 2016 წელს], ზოგჯერ კი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ე.წ. swing state-დან [შტატი, რომელშიც გამარჯვებული შეიძლება ორივე კანდიდატი აღმოჩნდეს] არჩევენ .

კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს იდეოლოგია — მაგალითად, თუ პრეზიდენტობის მსურველი კონსერვატიული/ლიბერალური განწყობებით გამოირჩევა, დაბალანსების მიზნით ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება უფრო ცენტრისტი კანდიდატი შეარჩიონ.

მხოლოდ მეოთხე ქალი

საბოლოო ჯამში, ვინც არ უნდა აირჩიოს ბაიდენმა და მისმა გუნდმა, ის გახდება მხოლოდ მეოთხე ქალი აშშ-ის ორი უმსხვილესი პარტიიდან, რომელიც თეთრ სახლში მოსახვედრად იბრძოლებს.

აქამდე ასეთი შემთხვევა 1984, 2008 და 2016 წლებში დაფიქსირდა — 1984 წელს დემოკრატთა კანდიდატმა უოლტერ მონდეილმა [რომელიც თავადაც იყო ვიცე-პრეზიდენტი 1977-1981 წლებში] ნიუ-იორკელი წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯერალდინ ფერარო აირჩია — მონდეილი და ფერარო მაშინ რეიგანი-ბუში უფროსის წყვილთან დამარცხდნენ.

2008 წელს ქალი კანდიდატი ჰყავდა რესპუბლიკურ პარტიას — ჯონ მაკ-კეინის ვიცე-პრეზიდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, ალასკის გუბერნატორი სარა პეილინი იქნებოდა. მაშინ რესპუბლიკელები ობამა-ბაიდენთან დამარცხდნენ.

2016 წელს ქალს უკვე პრეზიდენტის პოსტის დაკავების შანსიც ჰქონდა — დემოკრატთა პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი, სენატორი და სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

ვინ შეიძლება გახდეს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი?

ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენის გუნდში ამ პოსტზე რამდენიმე ადამიანს მოიაზრებენ — ესენი არიან სენატორი კამალა ჰარისი; პრეზიდენტ ობამას ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი; ჯორჯიის გუბერნატორობის ყოფილი კანდიდატი სტეისი აბრამსი; მიჩიგანის გუბერნატორი გრეთჩენ უიტმერი; ნიუ მექსიკოს გუბერნატორი მიშელ ლუხან გრიშამი; სენატორი ელიზაბეტ უორენი; ქალაქ ატლანტის მერი კეიშა ლენს ბოტომსი; წარმომადგენელთა პალატის წევრი ვალ დემინგსი; წარმომადგენელთა პალატის წევრი კარენ ბასი და სენატორი ტემი დაქუორთი.

მთავარ ფავორიტად ამჟამად კამალა ჰარისი მოიაზრება — ეროვნულ დონეზე იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანდიდატია. ამასთან ერთად, ჰარისი შავკანიანია, რაც შეიძლება ბაიდენს აფროამერიკელი ამომრჩევლის მიზიდვაში დაეხმაროს. კიდევ ერთი პლუსი ჰარისისთვის მისი ასაკია — იგი ჯო ბაიდენზე თითქმის 25 წლით უმცროსია და 55 წლისაა.

თუმცა ჰარისი შეიძლება კრიტიკის ობიექტი გახდეს მისი მოღვაწეობისთვის კალიფორნიის გენერალური პროკურორის პოსტზე. ამასთან ერთად, მისი მშობლიური შტატი კალიფორნიაა, რომელში გამარჯვებაც ბაიდენს ისედაც არ გაუჭირდებოდა.

ასევე, 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა Politico-მ „შეცდომით“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმადაც, ბაიდენმა პირველ აგვისტოს არჩევანი ჰარისზე შეაჩერა. გამოცემის მასალაში მოხსენიებული იყო სიტყვა, რომელიც ბაიდენმა, როგორც იქ ეწერა, ჰარისის შესახებ წარმოთქვა. მოგვიანებით, Politico-მ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარი შეცდომა იყო.


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბრისთვისაა დანიშნული. ძირითადი ბრძოლა გაჩაღდება დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი