ახალი ამბები

დუისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

29 ივლისი, 2020 • 1525
დუისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

29 ივლისს, გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2019 წლის ნოემბერში ინციდენტში მონაწილე მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს რამდენჯერმე ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

მომხდარის დროს სახლში მისი მშობლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომლებიც, შესაბამისად, მუქარასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მურად ქავთარაშვილი მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის 2019 წლის დეკემბერში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფიგურანტია. სროლისას 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილი დაიღუპა, მურად ქავთარაშვილი კი ფეხში დაიჭრა.

ქავთარაშვილის მამამ “მთავარ არხთან” საუბრისას ვერ დააკონკრეტა, უკავშირდებოდა თუ არა მომხდარი შურისძიებას. ადგილობრივი “რადიო WAY”-ს ინფორმაციით კი, ინციდენტის დროს მურად ქავთარაშვილი “თბილისიდან [დუისში] ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა”.

დეკემბრის ინციდენტის შემდეგ ხეობაში რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს ორი გვარის შერიგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი