ახალი ამბები

30 ივლისიდან ჭავჭავაძის გამზირი ღამის საათებში ჩაიკეტება

29 ივლისი, 2020 • 1353
30 ივლისიდან ჭავჭავაძის გამზირი ღამის საათებში ჩაიკეტება

თბილისის მერის განცხადებით, 30 ივლისიდან ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. როგორც კახა კალაძემ დღეს, 29 ივლისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, ქუჩის ჩაკეტვის მიზანია, მძღოლებმა სატესტო რეჟიმში გაირაონ ამ მონაკვეთზე, სადაც გახნის შემდეგ უკვე ახალი სქემით დაიწყება მოძრაობა.

“30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 00:00 საათიდან 04:00 საათმდე, ვარაზის ხევიდან წერეთელ-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება, რათა ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ანუ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებითა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ბუნებრივია, ამას ექნება გარკვეული ადაპტაციის პერიოდი და ამ მიმართულებით ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს ამ მიმართულებით”, -ამბობს კალაძე.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი ავტობუსის ზოლები მოექცა გამზირის შუაში, ავტომობილებისთვის სამოძრაოდ კი მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გაკეთდა იმისთვის, რათა უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებს.

ჭავჭავაძის გარდა ავტობუსები მოძრაობის საპირისპიროდ ივლიან გლდანშიც

მასალების გადაბეჭდვის წესი