ახალი ამბები

საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს – ცერცვაძე

28 ივლისი, 2020 • 2935
საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს – ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში საზღვრების გახსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ელოდება. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს, 28 ივლისს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის გამოცდა უკვე ჩააბარა, რაზეც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც მეტყველებს. ერთადერთი გამოწვევა კი, რომელიც საქართველოს ამ ეტაპზე აქვს დარჩენილი, ეს არის საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა:

“ერთადერთი გამოცდა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სისტემამ უნდა გაუძლოს და ვნახოთ, გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა. ყველა დანარჩენ გამოწვევას და შეზღუდვის მოხსნას ჩვენ უკვე გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი.

ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად რაციონალურად და პროპორციულად, ამასთან, შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგად კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად და მნიშვნელოვნად არ მოიმატებს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ასევე განმარტა საკუთარი მოლოდინი კორონავირუსის მოსალოდენელი მეორე ტალღის შესახებაც. მისი თქმით, შემოდგომაზე პანდემიის მეორე ტალღა საქართველოში ან საერთოდ არ იქნება, ან იქნება მცირე სიმძიმის.

“რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემოდგომაზე, ის ან საერთოდ არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე იყო პირველი ტალღა. გარანტირებულად ვამბობ, თითქმის სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და ხალხს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, იმუშაოს და იცხოვროს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საინფორმაციო პორტალის, stopcov.ge-ის მიხედვით, 28 ივლისის მონაცემებით ამ დრომდე ქვეყანაში 1145 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში კი იმყოფება 6489 ადამიანი, სცაიონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი