თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, მოსახლეობა უკვე წლებია, რაც წყალგაყვანილობის მოწესირგებასა და სახლებში წყლის რეგულარულ მიწოდებას ითხოვს. დღეს კი მოქალაქეებმა იმავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფლის ისტორიულ ნაწილში, სადაც გერმანული სახლები და ეკლესიაა განთავსებული, მთავრობამ რეაბილიტაცია გერმანიის დახმარებით ცოტა ხნის წინ დაასრულა. თუმცა იმავე სოფლის სხვა ნაწილში უწყლობის გამო მოსახლეობის მდგომარეობა გაუსაძლისია.

რას ყვება მოსახლეობა?

„წყალი არ გვაქვს. რამდენიმე კვირა გადის ისე, რომ წყალი არ გვაქვს, ან თუ გვაქვს, ავზები ჭუჭყიანია, მატლებითა და თაგვებითაა სავსე. გაუბედურებულია.. განა რამდენი წყალი უნდა ვიყიდოთ?! თანაც, სოფელი არის მიტოვებული. ძროხა რომ არ მყავდეს, ყველს რომ არ ვყიდდე, მოვკვდებოდი უწყლობით.

ამ სიცხეში წყალი არ გვაქვს, სარეცხსაც ვერ ვრეცხავთ და ამის ფონზე ლპება სარეცხი“, – გვიყვება ასურეთის ერთ-ერთი მცხოვრები ლალი მაზანაშვილი.

მისივე სიტყვებით, ის, რომ სოფელში წყალი არ მოდის, უკავშირდება ანტისანიტარიას და, შესაბამისად, გავრცელებულ დაავადებებს, მათ შორის, მოწამვლებსაც. წყლის არარსებობის პრობლემა კი მწვავდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელი, ფაქტობირვად, ორ ნაწილად არის დაყოფილი – „ერთ მხარეს დიდი პატივისცემა აქვს, მეორე მხარე კი ჰაერში ვართ გამოკიდებული“.

საქმე ის არის, რომ სოფელში,შვაბების ქუჩაზე, მე-19 საუკუნის ეკლესიის (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც ფული ბიუჯეტიდან გამოიყო. ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი „იმედთან“ ამბობდა, რომ რეაბილიტაციის პროექტი მოქალაქეებს დამატებითი შემოსავლის საშუალებას მისცემს ტურისტების მოზიდვის გზით.

ამის პარალელურად, მოსახლეობა ამბობს, რომ რეაბილიტირებული ნაწილისგან განსხვავებით, სოფლის მეორე მხარეს არც ქუჩების შიდა განათებაა და არც წყალი.

„არაფერი ხარობს, არც ბოსტნეული, არც მწვანილი. ხეხილი გამხმარია, გადამხმარია აქაურობა“, – ამბობს ლალი მაზანაშვილი და დასძენს, რომ მთავრობამ ამ პრობლემის შესახებ არაერთი წელია, რაც იცის.

ინფრასტურქტურის სამინისტროს პასუხი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ინფრასტურქტურის სამინისტროს, რომელიც შვაბების ქუჩის რეაბილიტაციას სათავეში ედგა. უწყება ამბოს, რომ თეთრიწყაროს რაიონის 9 სოფლის – წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, ასევე, ქოთიშის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა იგეგმება.

„პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაკვეთით 8.4 მილიონი ლარით დაფინანსდება, ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას, ახალი რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობას, ასევე, შიდა ქსელის მოწყობას და 650 აბონენტის გამრიცხველიანებას.

ტენდერი გამოცხადდება ასურეთის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად და დაგეგმილია საფილტრე და დაზიანებული მილების შეცვლა“, – ნათქვამია უწყების მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სამუშაო მიმდინარეობს სოფლების – ბოგვისა და ჯორჯიაშვილის – წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება გაუმჯობესდება ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, ჩხიკვთაში, ფარცხისში, აბელიანში, ქსოვრეთსა და ხოპისში.

სამინისტრო არ აკონკრეტებს, როდის დასრულდება წყლის სისტემის გამართვა აღნიშნულ სოფლებში. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ წერილობითი განცხადების გარდა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.