ახალი ამბები

ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა 5-6%-ით შემცირდა – NDI

28 ივლისი, 2020 • 1471
ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა 5-6%-ით შემცირდა – NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა მცირედით შემცირებულია.

2020 წლის ივნისის კვლევაში გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ როდესაც 2019 წლის კვლევაში ეს რიცხვი 82% იყო. ამასთან, 8% (2019 წელს – 10%) ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების მიზანი მიუღებელია. 15%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

2019 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 5%-ით არის შემცირებული და 69%-ს შეადგენს გამოკითხულთა რაოდენობა, რომლისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი. 11%-ისთვის ნატო-ში გაწევრება მიუღებელია, ხოლო 19%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-მ ასევე გამოიკვლია ევროკავშირის მხარდაჭერისა და პანდემიის ურთიერთქმედება. 61% ამბობს, რომ პანდემიას მის დამოკიდებულებაზე ევროკავშირის მიმართ საერთოდ არ მოუხდენია გავლენა. 19%-ის შემთხვევაში პანდემიამ ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება დადებითისკენ შეცვალა, 9%-ისთვის კი – უარყოფითსკენ.

“ევროკავშირმა ქმედითი დახმარების ნაბიჯი ვერ გადადგა იტალიისა და ესპანეთის მიმართ… ძალიან გთხოვთ, „რუსეთუმეობაში“ არ ჩამითვალოთ და რუსეთმა უფრო პირველმა გადადგა იტალიის დასახმარებლად ნაბიჯი. ცოტა გაუარესდა კი არა, მკვეთრად გაუარესდა ჩემი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ”, – ამბობს თვითდასაქმებული ქალი თბილისის ფოკუს-ჯგუფიდან.

“როგორ აზრზეც ვიყავი, ისევ ისეთ აზრზე ვარ. დადებითად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ. საკმაოდ კარგი გაერთიანებაა. გვეხმარება კიდევაც, შეძლებისდაგვარად“, – ამბობს 22 წლის დასაქმებული ქალი მარნეულიდან.

გამოკითხულთა 59% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციით; 11%-ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.


კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევის საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში, 1 550 დასრულებული ინტერვიუს (35% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) სახით ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი