ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთ -აზერბაიჯანის ერთობლივი მასშტაბური წვრთნები დაიწყება

28 ივლისი, 2020 • 1397
თურქეთ -აზერბაიჯანის ერთობლივი მასშტაბური წვრთნები დაიწყება

ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

“აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანი-თურქეთის სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი ფართომასშტაბიანი ტაქტიკური წვრთნები ჩატარდება”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ცნობით, ერთობლივი წვრთნები სახმელეთო დანაყოფების მონაწილეობით 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში, სამხდრო ავიაციის მონაწილეობით კი, 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში ჩატარდება.

23 ივლისს ერთობლივი სამხედრო წვრთნები სომხეთმა და რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზეც დაიწყეს.

დღეს, 28 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ, სადაც ვლადიმერ პუტინმა და რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკანასკნელი შეტაკებები განიხილეს და  რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.


12 ივლისს მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედის, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

ამავე დღეებში თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი