ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისის ცნობით, ცხინვალში დაპატიმრებულ გახელაძეს “საფრთხე არ ემუქრება”

27 ივლისი, 2020 • 903
თბილისის ცნობით, ცხინვალში დაპატიმრებულ გახელაძეს “საფრთხე არ ემუქრება”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 11 ივლისს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მდგომარეობა ცხინვალში დამაკმაყოფილებელია.

“ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, პირობები, რომელშიც იმყოფება, არის ასევე დამაკმაყოფილებელი.

ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მიმართულია იქით, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის.”

მისივე განმრტებით, თბილისს ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა იმ პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს აღნიშნულ პროცესებზე.

“მოგეხსენებათ, 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა.

მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე”, – აცხადებს გიგაური.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ცხინვალის ცნობით, გახელაძემ “უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, არ დაემორჩილა მესაზღვრების კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, ასევე, დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით, რომელიც იძულებული გახდა, საპასუხოდ გაესროლა”.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ოსური მხარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზაზა გახელაძეს ახლა არა მათი მხარდაჭერა, არამედ კვალიფიციური იურისტები ესაჭროება, ვინაიდან მის მიერ ჩადეილი ქმედებები სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი