ახალი ამბებისამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი – “გადაეცეს საქმე შსს-ს”

27 ივლისი, 2020 • 1450
ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი – “გადაეცეს საქმე შსს-ს”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, რომლის ცხედარიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, საქმის გადაცემას სამხარეო პოლიციისგან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ითხოვს. როგორც ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი ამბობს, მანამ, სანამ ეს არ მოხდება, საქმის მასალების გაცნობაზე უარს აცხადებენ:

“საქმის მასალებს არ ვეცნობი იმიტომ, რომ მამამ პროტესტი განაცხადა და ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიღოს საქმე და იქ მოხდეს საქმის მასალების გაცნობა. იმიტომ, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავიდანვე ძალიან ცუდად და მუქარით, კომპიუტერის გახსნა-არგახსნაზე [ესაუბრებოდა მამას]”, – ამბობს რამიშვილი.

მისი თქმით, ამ დრომდე არ არის გახსნილი გარდაცვლილის პირადი კომპიუტერი, რომელიც საიდუმლო სიტყვით [პასვორდით] არის დაცული. ადვოკატი აცხადებს, რომ კომპიუტერი ექსპერტებმა უნდა გახსნან, თუმცა არ აქვს იმედი, რომ საქართველოში ამას შეძლებენ და ამერიკული მხარისთვის დახმარებისთვის მიმართვას გეგმავს:

“ვერ ხსნიან, ექსპერტებმა უნდა გახსნან. საჭირო იქნება ამერიკული მხარის ჩართვა, რადგან არ არის ტექნიკა ჩვენთან, მე-19 საუკუნეში ვართ”, – ამბობს ადვოკატი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საქმეს ასევე დაემატა ახალი კვალიფიკაცია, 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს შემდეგს:

“თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი