ახალი ამბები

კადიროვმა მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა

24 ივლისი, 2020 • 1595
კადიროვმა მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ჩეჩნეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

„ვაცხადებ, რომ მას [პომპეოს] შეეხება ყველა სანქცია, რომელიც გვაქვს რესპუბლიკაში, მათ შორის, ანგარიშების გაყინვაც. იგივე გააკეთეს მათ ჩემ წინააღმდეგ“, — განაცხადა კადიროვმა მთავრობის სხდომაზე.

კადიროვმა აგრეთვე თქვა, რომ აღარ აპირებს, მაიკ პომპეო ჩეჩნეთში დაპატიჟოს და აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მისი ოჯახის მიმართ არასამართლიანია:

„რამეში რომც ვიყო დამნაშავე, რა შუაში არიან ჩემი შვილები, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ, რატომ უნდა აგონ პასუხი მამის გამო? ან რაშია დამნაშავე ჩემი ცოლი, რომელიც სახლში ზის და არანაირ პოლიტიკაში არ ერევა?“, — დასძინა მან.


20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის სანქციები დაუწესა კადიროვსა და მის ოჯახს – ცოლს მედნი კადიროვასა და მის შვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებაში აღნიშნავს, სანქციები კადიროვს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის დაეკისრა, მათ შორის არის წამების, სასამართლოს გარეშე სიცოცხლის მოსპობისა და მოქალაქეთა იძულებითი გაუჩინარების ფატები.

„ჩვენ ყოყმანის გარეშე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა უპირობოდ დადგეს“, – ამატებს პოპმეო.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაშ, კადრიოვისა და მისი ოჯახის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ.

„დღევანდელი ქმედების მიზანია შევატყობინოთ კადრიოვს, რომ მის ჩართულობას უფლებათა უხეშ დარღვევაში აქვს შედეგები როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას თავად კადიროვი ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა.

„პომპეო, ჩვენ მივიღეთ გამოწვევა! ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება!“, – დაწერა კადიროვმა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი