ახალი ამბები

კორონავირუსის 19-დან 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება – ეზუგბაია

24 ივლისი, 2020 • 1044
კორონავირუსის 19-დან 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება – ეზუგბაია

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 19 შემთხვევიდან 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ 5 შემთხვევა სოფელ გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, 1 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 3 შემთხვევაზე კი ეპიდემილოგიური კვლევა გრძელდება.

როგორც “ლილო მოლის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ გარდაბნის რაიონში ვირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე მიიღო. აღნიშნული რაიონიდან ბაზრობაზე 170 ადამიანი საქმიანობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 912, გარდაიცვალა 16 პაციენტი.


ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირებდა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი