ახალი ამბები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

24 ივლისი, 2020 • 1655
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო.

შსს-ს განცხადებით, სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.

შსს-ს განცხადებით, გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები:

“შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს” ,- აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი