ახალი ამბები

პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

23 ივლისი, 2020 • 1472
პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ Эхо Кавказа ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა კადიროვს აღნიშნული წოდება 478-ე განკარგულებით მიანიჭა. კადიროვის თქმით, ამის შესახებ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეიტყო.

“პრეზიდენტმა თავად წამიკითხა განკარგულება, ეს მოვლენა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ეს მაღალი შეფასებაა, რომელიც ძალიან ძვირფასია”, – განაცხადა კადიროვმა Чечня сегодня-თან საუბარში.

კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ  “პუტინის ქვეითია” და მზად არის მისი ყველაზე რთული ბრძანებები ნებისმიერ კონტინენტზე შეასრულოს.

“ამისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს – სურვილი, სრული მზადყოფნა, ტექნიკა, და ვინმეს კითხვები რომ არ გაუჩნდეს, გვაქვს იარაღის გამოყენების კანონიერი უფლება”, – განაცხადა კადიროვმა.

ცოტა ხნის წინ კადიროვს, მის ცოლსა და ორ შვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი