ახალი ამბები

“ძალიან უცნაურად იყო ეს ყველაფერი” – ადვოკატი მედიკამენტებზე ბაჩალიაშვილის მანქანაში

22 ივლისი, 2020 • 1439
“ძალიან უცნაურად იყო ეს ყველაფერი” – ადვოკატი მედიკამენტებზე ბაჩალიაშვილის მანქანაში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მანქანა, რომელშიც ცხედარი იპოვეს, დაკეტილ მდგომარეობაში ნახეს. მანქანაში იდო მისი გასაღებიც. ჰიუნდაის მარკის ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

მიხეილ რამიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მანქანაში აღმოჩენილი ცხედრის მდგომარეობა მას აფიქრებინებს, რომ ბაჩალიაშვილი დიდი ხნის გარდაცვლილია. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი 18 ივლისს დაიკარგა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. ბაჩალიაშვილის მანქანა მარნეული-თეთრიწყაროს გზის სიახლოვეს იპოვეს. დაკარგული მანქანა მწყემსმა აღმოაჩინა.

მანქანის ირგვლივ ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გამომძიებლებმა მანქანიდან გარკვეული ნივთები ამოიღეს, მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, არის მედიკამენტებიც. მიხეილ რამიშვილის თქმით, იქ რაიმე განსაკუთრებული წამლები არ შეუნიშნავს და მედიკამენტების აღმოჩენა ამ ეტაპზე არავითარი დაშვებების გაკეთების საშუალებას არ იძლევა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. რამიშვილის თქმით, მედიკამენტებს შორის ფსიქოტროპული წამლები არ არის.

ადვოკატის შეფასებით, მედიკამენტების საკითხი საკმაოდ უცნაურია. ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ცხედარი დაწვენილ მდგომარეობაში ნახეს, მის ხელში ან ირგვლივ კი წამლები მიმოყრილი არ არის.

‘ძალიან უცნაურად იყოს ეს ყველაფერი. ვნახოთ, კიდევ მიდის საგამოძიებო მოქმედებები. ძალიან ისეთი შეფუთულივით იყო [წამლები], თუ გამოიყენებ, ის შეგიძლია გადაყარო და არა შეფუთო. ჩანთაში იყო [მედიკამენტები] და რა საჭიროა ჩანთაში, თუ იხმარე, უნდა გადაყარო. ხელში არ ეჭირა…”, – აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ოჯახი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას.

„თუ გადავხედავთ გარემოს, ამ გარემოდან გამომდინარე ხუთი დღე რატომ ვერ მოძებნეს [მანქანა], ბევრი კითხვნის ნიშანი ჩნდება“, – უთხრა მანამდე მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

„თქვენ ხედავთ, რა გარემო არის აქ და რომ აქ უღრანი ტყე არ არის, რომ დრონს ვერ დაენახა…. რა თქმა უნდა, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და, შესაბამისად, ეს ხუთი დღე რატომ ვერ მოხდა პოვნა, მაგაზეც კითხვები მიჩნდება მე პირადად“, – განაცხადა მან.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ.

ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

მისმა დედამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ის შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მათ იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და არ გამორიცხავენ, რომ ის თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი