ახალი ამბები

“გადავარჩინოთ რიონის ხეობა” – ქუთაისში ისევ შეიკრიბნენ ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ

22 ივლისი, 2020 • 2144
“გადავარჩინოთ რიონის ხეობა” – ქუთაისში ისევ შეიკრიბნენ ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების მშენებლობა დღეს ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ჰესის პროექტი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას, მშენებლობის ნებართვა კი, რომელიც სახელმწიფომ გასცა, სათანადო კვლევებს არ ემყარება.

“დიდი ჰესები უნდა აიკრძალოს”, “არ დამიტბორო ლეჩხუმი”, “ქუთაისი საფრთხეშია” – ამ შინაარსის პლაკატებით მოქალაქეები ქალაქის ცენტრში დაახლოებით 1 საათის მანძილზე იყვნენ შეკრებილნი, შემდეგ კი ჰესის მშენებელი კომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს. პროტესტის ორგანიზატორია სახალხო მოძრაობა “გადავარჩინოთ რიონის ხეობა”, რომელშიც მშენებლობის მოწინააღმდეგეები ერთიანდებიან ხეობის მკვიდრი მოსახლეობიდან.

აქცია ნამახვან ჰესის წინააღმდეგ ქუთაისში. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

აქცია ნამახვან ჰესის წინააღმდეგ ქუთაისში. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

მოძრაობის დამფუძნებელი მალხაზ მურუსიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რიონის ხეობა, კერძოდ, ლეჩხუმი, პროექტის განხორციელების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

“ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ როდესაც ასეთი დიდი პროექტის განხორციელებას იწყებენ, წარმოადგინონ კვლევაზე აგებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ასეთი უზარმაზარი კაშხლის მშენებლობა იგეგმება ისე, რომ რაიმე სერიოზული კვლევა ჩატარებული ამათ არ აქვთ.

ნებისმიერი ადამიანი, ჟურნალისტი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი თუ რიგითი მოქალაქე, რომ შეხედავს  გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, რომლითაც 2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა [ეკოლოგიური დასკვნა], ნახავს, რომ ეს არის სასაცილო. ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს და როგორ შეიძლება, ასეთ ვითარებაში დავეთანხმოთ ასეთი უზარმაზარი კაშხლის მშენებლობას”, – აღნიშნავს ის.

აქციის ორგანიზატორებმა წინასწარ გაახმიანეს გაფრთხილება პოლიტიკური პარტიების მიმართ, არ მიეტანათ პარტიული სიმბოლიკა. მათი თქმით, არ სურთ, ამ ფორმით “სახალხო პროტესტი გადაიფაროს”.

აქციის მონაწილეები ნამახვან ჰესის მშენებელი კომპანიის ოფისთან. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

აქციის მონაწილეები ნამახვან ჰესის მშენებელი კომპანიის ოფისთან. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

ნამახვანის ჰესების კასკადი ორი ნაწილისაგან – ქვედა და ზედა ნამახვანისაგან – შედგება. ეკონომიკის სამინისტროს ქვედა ნამახვანის მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვს. ეს მიმდინარე წლის აპრილში მოხდა და აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს შპს “ენკა რენიუებლი” ახორციელებს. კომპანია “ნეტგაზეთისთვის” დღეს, 22 ივლისს გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს:

“ინვესტორის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებიდან და უმაღლესი სტანდერტებიდან გამომდინარე,  პროექტის ფარგლებში  ჩატარებული კვლევების დონე და მათში ჩადებული ძალისხმევა უპრეცედენტოა. კომპანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა გარემოსდაცვით კვლევებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”.

კომპანიის ცნობით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება, ძირითადი ინვესტორი “ენკა” კი 60-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა.

კომპანია აცნობიერებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მაღალ პასუხისმგებლობას და, ამავდროულად, პროექტისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს.  შესაბამისად, უახლოეს მომავალში კომპანია იზრუნებს პროექტის შესახებ და მის გარშემო არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ინფორმირებაზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანიის მიერ ნახსენები კვლევების სანდოობას სახელმწიფო ეჭვქვეშ არ აყენებს. გარემოს დაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ უწყებამ დეტალურად შეისწავლა გარემოზე ზემოქმედების საკითხები.

“[გარემოზე ზემოქმედების] ანგარიში მოიცავდა ჰიდროლოგიური და კლიმატური მიმართულებით კვლევებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წარმოადგინა ყველა საჭირო კვლევა, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, სეისმური შეფასება და ჰესის მშენებლობის კუმულაციური ზემოქმედება.  წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან ერთვოდა სეისმური გაანგარიშებების (მოდელირების) შესახებ დამატებითი კვლევები, სადაც მოცემული იყო კაშხლისა და სამშენებლო სამუშაოების სტაბილურობის გამოსათვლელი”, – აღნიშნავს უწყება.

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერსა და წყალტუბოში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად, ჰესის:

    • დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ;
    • სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ.სთ;
    • ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;
    • საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;

კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება – რიონზე მშენებარე ჰესების კომპანიის პასუხი მოსახლეობას

მასალების გადაბეჭდვის წესი