ახალი ამბები

თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

22 ივლისი, 2020 • 1415
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება.

ცვლილებების მიხედვით,  10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება A კატეგორიის ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილას სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება.

ამასთან, ავტომობილების მფლობელები, რომლებიც მანქანას პარკირების ადგილზე შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით აჩერებენ, პირველ ჯერზე 10 ლარის ნაცვლად დაჯარიმდებიან 100, განმეორებით შემთხვევაში კი- 200 ლარით.

გარდა ამისა, იკრძალება სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით და დარღვევის შემთხვევაში, მფლობელი 50 ლარით დაჯარიმდება.

კალაძის თქმით, „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“, მოთხოვნის დაუცველობისას კი, თუ სამართალდამრღვევი არ
იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.

ამასთან, „პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში,  საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კალაძის თქმით, ეს არის სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იყენებს.

ცვლილებების თანახმად, თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ის ვითარება, რომელიც ქალაქში არსებობს, დროულად უნდა მოწესრიგდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი