ახალი ამბები

ფონიჭალაში დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები აქციას მართავენ

21 ივლისი, 2020 • 1342
ფონიჭალაში დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები აქციას მართავენ

ფონიჭალაში დაკარგული ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა გზა გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მთელი დღეა ელოდება გამომძიებლის ზარს, რომ მოისმინოს რაიმე დამაიმედებელი ინფორმაცია გამოძიების მიმართულებით.

“სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ”, – აცხადებს დაკარგული ახალგაზრდა ქალის დედა. მისი თქმით, საპროტესტო აქცია მეზობლების ინციატივით გაიმართა.

“აქამდე როგორ ვერ იპოვეს ამხელა მანქანა?”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი და დასძენს, რომ გამოძიება “დუნედ მიმდინარეობს, პროტოკოლების დონეზე”.

“დღეს გახსნეს [თამარის] კომპიუტერი, არ შეიძლებოდა, მეორე დღესვე გაეხსნათ?! იქნებ რა ინფორმაციას მოიპოვებდნენ, მე თანახმა ვიყავი ჩემი კომპიუტერის გახსნაზე, რად მინდოდა პროკურორის ბრძანება?!”.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც ‘’ნეტგაზეთს’’ შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ახალგაზრდა ქალის დედამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ის შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მათ იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და არ გამორიცხავენ, რომ ის თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ტერიტორია, სადაც მისი შვილი ბოლოს ნახეს, საკმაოდ პატარაა და შეიძლება ისე დათვალიერება, რომ მისი მანქანა იპოვონ.

“4 დღე ვერ იპოვეს ამხელა მანქანა ასეთ პატარა არეალში, ეს სოფლები ჩიხია, შეხვალ სოფელში, ჩიხია, ის მანქანა ასეთ უბადრუკ გზებზე ვერ გადავიდოდა.”

ფოტო © მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი