ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„არა ომს“ – ახალქალაქში სომხეთის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

21 ივლისი, 2020 • 1468
„არა ომს“ – ახალქალაქში სომხეთის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

21 ივლისს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში გაიმართა მასშტაბური აქცია, სახელწოდებით „არა ომს“, სადაც მოქალაქეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში სომხეთს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

აქციას ახალქალაქის საფეხბურთო მოედანზე ასობით ადამიანი ესწრებოდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სასულიერო პირებმაც როგორც სომხურ, ასევე ქართულ ენებზე. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და სომხეთის დროშები.

„ჩვენ ვართ საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებული სომხები… ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ძალზედ აღშფოთებულები გამოვედით ამ აქციაზე თხოვნით და ლოზუნგით — „არა ომს“. ჩვენ ომისა და ძალადობის წინააღმდეგნი ვართ, რადგანაც იღუპებიან ახალგაზრდები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან“, – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

„თხოვნაა, შეჩერდით! ომის შედეგად ჯერ არავის მოუგია! ჯავახეთის სომხები, ასევე, მთელი მსოფლიოს სომხები, ყოველთვის ჩვენი სამშობლოს, სომხეთის და ერთმანეთის გვერდით ვიდექით, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, მუდმივად მხარში დავუდგებით და გაჭირვების დროს დავუდგებით გვერდით და დავუჭერთ მხარს ყველანაირად“, – განაცხადა ამავე გამომსვლელმა.

როგორც ადგილობრივი სომხურ-ქართულენოვანი გამოცემა „ალიქ მედია“ იუწყება, გამომსვლელებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ საქართველოში და „ამ ურთიერთობების გაფუჭების საჭიროება არ არსებობს“.

ამავე გამოცემის თანახმად, აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეებმა მოედანზე ტრადიციული ცეკვა ქოჩარი შეასრულეს.


რამდენიმე დღის წინ თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან აზერბაიჯანული არმიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეტაკებების დაწყებაში.


გარეკანის ფოტო: ალიქ მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი