ახალი ამბები

ევროკავშირი შეთანხმდა 750- მილიარდიან „აღორძინების ფონდზე“

21 ივლისი, 2020 • 1247
ევროკავშირი შეთანხმდა 750- მილიარდიან „აღორძინების ფონდზე“

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სამიტზე შეთანხმდნენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველ მთლიანობაში 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდზე, იუწყება BBC.

აქედან 390 მილიარდი ევრო გაცემული იქნება გრანტს სახით იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსით — BBC-ის ცნობით, ძირითადად ამ თანხას ესპანეთი და იტალია მიიღებენ.

კიდევ 360 მილიარდი ევრო წევრი ქვეყნებისთვის დაბალპროცენტიანი სესხების სახით იქნება ხელმისაწვდომი.

სამიტი ბრიუსელში ადგილობრივი დროით პარასკევს დილით დაიწყო და 90 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 2000 წლის შემდეგ ეს ევროკავშირის ლიდერების ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა იყო.

მიღების შემდეგ გეგმაზე მცირე ტექნიკური მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი ის ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.

ამასთან ერთად, მოლაპარაკებების პერიოდში ქვეყნებს შორის უთანხმოებაც იყო — ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, ავსტრია და დანია თვლიდნენ, რომ გრანტების სახით 375 მილიარდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, ხოლო ესპანეთი და იტალია 400 მილიარდზე ნაკლებზე არ იყვნენ თანახმა. საბოლოო ჯამში, კომპრომისულ ვარიანტად 390 მილიარდი შეარჩიეს.

კიდევ ერთი შესაძლო პრობლემა უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოს მუქარა იყო — ვარშავა და ბუდაპეშტი აცხადებდნენ, რომ ვეტოს დაადებდნენ პროექტს, თუ მასში იქნებოდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც თანხას ვერ მიიღებდნენ ქვეყნები, სადაც არ იყო დაცული კონკრეტული დემოკრატიული პრინციპები.

750 მილიარდ ევროს, BBC-ის თანახმად, ევროკავშირი საერთაშორისო ბაზრებზე ისესხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი