ახალი ამბები

მადინა უმაევას ქმარს კადიროვის ფონდმა სახლი აჩუქა

21 ივლისი, 2020 • 1770
მადინა უმაევას ქმარს კადიროვის ფონდმა სახლი აჩუქა

ჩეჩნეთში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა ქალის, მადინა უმაევას ქმრის ოჯახს კადიროვის სახელობის ფონდმა საჩუქრად ახალი სახლი გადასცა.

ეს ცნობა სახელმწიფო ტელევიზიის, „გროზნო ტვ-ის“ ეთერით გადაიცა 18 ივლისს. სიუჟეტში ჩანს, როგორ ათვალიერებს ახალ ბინას სამ შვილთან ერთად უმაევას ქმარი, ვისხაჯი ხამიდოვი.

ხამიდოვს სახლი გადასცა ახმად კადიროვის სახელობის ფონდმა. ახმად კადიროვი — ჩეჩნეთის ახლანდელი მეთაურის, რამზან კადიროვის მამა — ჩეჩნეთის ლიდერი იყო 2004 წლამდე. ის თავდასხმისას მოკლეს.

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში 23 წლის ქალი, მადინა უმაევა, სავარაუდოდ, ქმარმა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, არაერთგზის ძალადობის შემდეგ მოკლა, – იუწყებოდა ადგილობრივი მედია.

დაღუპულის დედამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს შვილის სავარაუდო მკვლელობის გამოძიების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც კადიროვმა დაღუპულის დედასა და ძმას საქვეყნოდ მოახდევინა ბოდიში.

მადინა უმაევასა და მისი ოჯახის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა ფართო საზოგადოებას რუსეთის კანონმდებლობის ამ დრომდე გამოუსწორებელი ხარვეზები და ჩეჩნეთში რამზან კადიროვის განსაკუთრებით რეპრესიული მმართველობის წნეხი:

  • ქვეყანაში ოჯახში ძალადობა 2017 წლიდან დეკრიმინალიზებულია, რაც ართულებს დანაშაულზე რეაგირებას და ქალებს ძალადობისა და ფემიციდის წინაშე დაუცველს ტოვებს;
  • საჯაროდ მონანიება/„შერცხვენა“ პოლიტიკური თუ პატრიარქალური დომინირების გავრცელებული იარაღია ჩეჩნეთში, სადაც ადამიანის ფუნდამეტური უფლებები სისტემატურად ირღვევა;

გირჩევთ, გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას ამ თემაზე:

ჩეჩნეთში ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს – კადიროვმა მის დედას ბოდიში მოახდევინა

მასალების გადაბეჭდვის წესი