ახალი ამბები

გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები – კანდელაკი მთავრობას

20 ივლისი, 2020 • 1426
გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები – კანდელაკი მთავრობას

‘’ევროპული საქართველოს’’ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტიის პროგნოზი გამართლდა – “ქვეყანა დიდწილად დახურულია, ხოლო ფრენები ძალიან ცოტა რაოდენობით ხორციელდება და ძალიან ძვირი ღირს”. ამის შესახებ განცხადება კანდელაკმა ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, გერმანული ავიკომპანია ‘’ლუფთჰანზას’’ მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთების მაღალმა ფასმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. 

“ევროპული საქართველოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი მთავრობის ორი მავნებულური გადაწყვეტილებაა. პირველი, ეს არის კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა, კერძოდ, მთავრობამ არჩევნებამდე არაფორმალურად რეგულარული ფრენების განხორციელება, ფაქტობრივად, აუკრძალა ‘’აირზენას’’ და განსაკუთრებით ‘’ვიზეარს’’. მეორე –  მთავრობა ძალაში ტოვებს დისკრიმინაციულ და ანტიკონსტიტუციურ კარანტინს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც “გამწვანებული’’ ქვეყნებიდან ბრუნდებიან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში მგზავრთა ნაკადს, ფრენების სიხშირესა და კონკურენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს’’, – განაცხდა გიორგი კანდელაკმა.

“ევროპული საქართველოს’’ წევრმა მთავრობას კარანტინის მოხსნისა და რეგულარული ფრენების აღდგენისკენ მოუწოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია ‘’ლუფთჰანზა’’ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2 აგვისტოდან განაახლებს. ავიარეისები Airbus A319  ტიპის საჰაერო ხომალდით კვირაში ორჯერ განხორციელდება. 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა უპირობოდ გახსნა ბალტიის ქვეყნებთან, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთთან. მთავრობა იმის მიზეზად, თუ რატომ არ გაიხსნა უფრო მეტ ქვეყანასთან საზღვარი უპირობოდ, COVID-19-ის გავრცელების რისკებს ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი