ახალი ამბები

ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინამ იმუნური სისტემის პროვოცირება შეძლო

20 ივლისი, 2020 • 1250
ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინამ იმუნური სისტემის პროვოცირება შეძლო

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხო აღმოჩნდა და იმუნური სისტემის პროვოცირება მაოხდინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში მონაწილეობა 1077-მა ადამიანმა მიიღო და გამოვლინდა, რომ ვაქცინის ინიექციის შედეგად მათ გამოიმუშავეს ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

თუმცა, მართალია, ეს შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ ჯერჯერობით დასადგენია, არის თუ არა ეს საკმარისი. ასევე ჩასატარებელია უფრო დიდი მასშტაბის კვლევები.

ამავე დროს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკვე შეუკვეთა ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

BBC-ის ცნობით, ვაქცინაში იყენებენ გენეტიკურად ინჟინირებულ ვირუსს, რომელიც შიმპანზეებში გაციებას იწვევს.

თუმცა მნიშვნელოვნად შეცვალეს — ადამიანებში მას ინფექციის გამოწვევა აღარ შეუძლია და უფრო „ჰგავს“ კორონავირუსს.

ამგვარად, ვაქცინა კორონავირუსთან მსგავსების გამო ასწავლის იმუნურ სისტემას, როგორ ებრძოლოს ასეთი ტიპის დაავადებას.

არის თუ არა ის უსაფრთხო?

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ვაქცინა უსაფრთხოა, მაგრამ აქვს გვერდითი მოვლენებიც: მაგალითად, კვლევაში მონაწილეთა 70%-მა თქვა, რომ მიღების შემდეგ მაღალი ტემპერატურა ან თავის ტკივილი ჰქონდა, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება პარაცეტამოლის მიღებითაა შესაძლებელი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი