ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი და ბაქო ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

20 ივლისი, 2020 • 1418
ერევანი და ბაქო ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხური მხარის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 19-20 ივლისის ღამეს და ამჟამად შედარებითი სიმშვიდეა.

“საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებში მოწინააღმდეგემ 9 -ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხური პოზიციების მიმართულებით დაახლოებით 137 ჯერ გაისროლა. ასევე, მოწინააღმდეგემ АГС-17 ყუმბარმტყორცნი გამოიყენა. სომხურ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია”, – ავრცელებს ინფორმაციას შუშან სტეპანიანი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი ფეისბუკზე.

ბაქო ერევანს, ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით 40-ჯერ გასროლაში ადანაშაულებს.

მთლიანობაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდეა – მსხვერპლი არცერთ მხარეს არ ჰყავს.

12 ივლისს მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე მხარე ერთმანეთს შეტაკებების დაწყებაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედის, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.


სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი