ახალი ამბები

ენზელ მკოიანი პირს იარაღით ხელში მისდევს და ისვრის – ვრცელდება მარტის ინციდენტის ვიდეო

20 ივლისი, 2020 • 1886
ენზელ მკოიანი პირს იარაღით ხელში მისდევს და ისვრის – ვრცელდება მარტის ინციდენტის ვიდეო

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და ისვრის. “ახალქალაქი ნიუსის” ვიდეო ასახავს 26 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც მკოიანთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი, სამველ პეტროსიანი ფიგურირებს.

კადრებში ჩანს, როგორ მისდევს მკოიანი იარაღით პირს, სავარაუდოდ, სამველ პეტროსიანს, პოლიციელი კი მის შეჩერებას ცდილობს. მკოიანი სამართალდამცავს  ყელში ჰკიდებს ხელს და ასე იშორებს მას. მანამდე ის ისვრის იარაღიდან. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მკოიანი აღნიშნავს, რომ ეს იყო ჰაერში გასროლა, პეტროსიანის “შეშინების” მიზნით. ვიდეოში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადამიანთა ჯგუფიც ჩანს.

ინციდენტის შემდგომ გავრცელებულ განმარტებებში მკოიანი და პეტროსიანი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ინციდენტის პროვოცირებასა და სროლის დაწყებაში. “ოცნების” მაჟორიტარი პეტროსიანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. ასეთივე ბრალდებას უყენებდა მკოიანს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი.

მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ორ პირს წარედგინა ბრალი – ა.მ.-სა და ს.პ.-ს(“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, სამველ პეტროსიანს), რომლებმაც, უწყების თანახმად, “ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი”. უწყების განცხადებაში მკოიანი ნახსენები არ არის.

ვრცლად:

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი