ახალი ამბები

ირანში 3 ახალგაზრდის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება ონლაინ პროტესტის შემდეგ შეაჩერეს

19 ივლისი, 2020 • 1352
ირანში 3 ახალგაზრდის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება ონლაინ პროტესტის შემდეგ შეაჩერეს

ირანის სასამართლომ შეაჩერა სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სამი ახალგაზრდა კაცის მიმართ, რომელთაც სასჯელის ეს ზომა ნოემბრის ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობისათვის ემუქრებოდათ. ამის შესახებ “ტვიტერზე” დაკავებულთა ადვოკატმა დაწერა.

იურისტის თქმით, უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვას დათანხმდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ონლაინ კამპანია აქტივისტთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ როგორც ირანში, ისე ქვეყნის გარეთ. “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის თანახმად, პროტესტს შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები, ინტელექტუალები, ყოფილი პოლიტიკოსები და ცნობილი მსახიობები.

კამპანია ჰეშთეგით “#არ_დასაჯო_სიკვდილით” 14 ივლისის შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ 25 წლის ამირ ჰუსეინ მურადის, 27 წლის საიდ თამჟიდისა და 25 წლის მუჰამად რაჟაბის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა. თუმცა, ამავე დღეს სასამართლოს სპიკერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებელი იყო.

მედიის თანახმად, საპროტესტო კამპანია თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტოა. მხოლოდ “ტვიტერზე” ზეამოღნიშნული ჰეშთეგი 7 მილიონჯერ გამოიყენეს. კამპანია სხვა პლატფორმებზეც მიმდინარეობდა.

სამი ახალგაზრდა მრავალ მოქალაქეს შორისაა, რომელთაც ირანში 2019 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციების დროს დაწყებული დევნა შეეხოთ. აქციები ქვეყნის არაერთ ქალაქში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე დაიწყო. ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, აღნიშნული მოვლენების დროს 304 ადამიანი მოკლეს. პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლებამ თითქმის მთლიანად გათიშა ინტერნეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი