ახალი ამბები

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დახმარების თხოვნით აშშ-ს მიმართა

18 ივლისი, 2020 • 2023
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დახმარების თხოვნით აშშ-ს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა.

პროკურატურა აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, სოციალური ქსელებიდან – “ფეისბუქიდან” და “ინსტაგრამიდან” – ამოიღონ საქმის მონაწილე 30 პირის მიმოწერა, რომელიც შესაძლოა, წაშლილი იყოს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა, რაც “ნეტგაზეთს” პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამერიკული მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

დღეს, 18 ივლისს, სოციალური ქსელების შემოწმების მიზნით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა და 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი