ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ჯარში საბრძოლო მზაობის გეგმიური შემოწმება დაიწყო – შოიგუ

18 ივლისი, 2020 • 1210
რუსეთის ჯარში საბრძოლო მზაობის გეგმიური შემოწმება დაიწყო – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, რუსეთის საჯარისო შენაერთების საბრძოლო მზაობის შემოწმება დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სერგეი შოიგუმ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ასკერ ოღლის სატელეფონო საუბრისას აცნობა. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება გეგმიური ხასიათისაა და სამეთაურო-საშტაბო სწავლება “კავკაზ 2020”-ის სამზადისის ნაწილია.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარისას, რომელიც აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით გაიმართა, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი საკითხები, ასევე საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმის “არმია – 2020”-ისა მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. საუბარი შეეხე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასაც.

რუსეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების ფონზე წარიმართა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არიან გარდაცვლილები, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი