ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარის ცნობით, საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

17 ივლისი, 2020 • 1073
სომხური მხარის ცნობით, საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

“ღამის განმავლობაში მხარეთა დაპირისპირების ხაზზე შედარებით სიმშვიდე იყო. საზღვრის ყველა მიმართულებით მოწინააღმდეგე მხოლოდ სხვადასხვა კალიბრის იარაღით ისროდა. სომხეთის შეიარაღებული ძალები საზღვრის სრულ პერიმეტრზე სიტუაციას აკონტროლებენ”, – აცხადებს დღეს, 17 ივლისს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეპანიანი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არიან გარდაცვლილები, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან


სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი