ახალი ამბები

ავღანეთში COVID-19 კიდევ 10 ქართველ სამხედროს დაუდასტურდა

17 ივლისი, 2020 • 816
ავღანეთში COVID-19 კიდევ 10 ქართველ სამხედროს დაუდასტურდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში როტაციით მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების თანახმად, ისინი სპეციალური რეისით საქართველოში დღეს, 17 ივლისს, გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

მანამდე, 10 ივლისს, საქართველოში ჩამოიყვანეს 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც ასევე დაუდასტურდათ COVID-19. სამინისტროს ცნობით, აქედან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

მისივე ცნობით, ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იმავე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

“ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით, სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს კოვიდ-19 არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებული იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა”, – აღნიშნავს სამინისტრო.

ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად, 2-კვირიან კარანტინს გაივლის.

უწყება ასევე განმარტავს, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო  დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი