ახალი ამბები

შეჩერდეს დაჩქარებული წესით განხილვა – WEG სემეკის კანონპროექტზე

16 ივლისი, 2020 • 847
შეჩერდეს დაჩქარებული წესით განხილვა – WEG სემეკის კანონპროექტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) მოითხოვს, პარლამენტმა შეაჩეროს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა, სანამ კანონპროექტის მარეგულირებელი გავლენის შეფასება არ მომხადდება.

ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტი სემეკს ანიჭებს ჩამოუყალიბებელ და ბუნდოვან უფლებამოსილებას მისთვის უცხო, კორპორატიული სამართლის სფეროში, რაც სცილდება ლიცენზირების და რეგულირების მიღებულ ფარგლებს. ამასთან, თუ პარლამენტმა სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უცვლელად დაამტკიცა, ენერგეტიკის სფეროში მფლობელის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის დისკრეციული უფლება იქნება.

“კანონპროექტის ტექსტში, განმარტებით ბარათში და განხილვის პროცესში არ არის მოყვანილი დამაჯერებელი არგუმენტები ცვლილების რეალური მიზნის, შემოთავაზებული ინსტრუმენტების ადეკვატურობის და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პრობლემის მოგვარების შეუძლებლობის შესახებ”, – ნათქვამია WEG-ის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ცვლილების შემოთავაზებული ფორმით მიღება ზიანს აყენებს ენერგეტიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს საფუძვლებს -სტრატეგიულ გრძელვადიან ხედვას, მარეგულირებლის დამოუკიდებლობას და კანონმდებლობის სტაბიურობას. კერძოდ:
  • სტრატეგიული პრინციპების და პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, სექტორში მფლობელობის რისკების დარეგულირება გადაეცემა სემეკს კერძო დისკრეციაში.
  • სახელმძღვანელო პრინციპების გარეშე კომისია დაუცველი ხდება სუბიექტურობის, პოლიტიკური ან კორუფციული ზეწოლებისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი დამოუკიდებლობის რისკებს;
  • ნაჩქარევი და დამაზიანებელი ცვლილებებით ირღვევა ახლად მიღებული ევროპული კანონმდებლობის სტაბილურობა.

ამის საფუძველზე ორგანიზაცია ითხოვს შეჩერდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მოიძებნოს პრობლემების გადაწყვეტის სხვა დროებითი მექანიზმები. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს მისი სათანადო მომზადების და მარეგულირებელი გავლენის შეფასების შემდეგ.

გუშინ, 16 ივლისს, პარლამენტმა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით ენერგოკომპანიამ შერწყმის ან 5% და მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა აცნობოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი