ახალი ამბები

6 წლის ბიჭმა უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა

16 ივლისი, 2020 • 1286
6 წლის ბიჭმა უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა

აშშ-ში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭმა, ბრიჯერ უოკერმა სოციალური ქსელების და ცნობილი მსახიობის, ენ ჰატუეის ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი გადაეფარა თავის დას, რომელსაც გერმანული ნაგაზი დაესხა თავს, წერს CNN.

გამოცემის ცნობით, 9 ივლისს, როდესაც 1 წლის გერმანულმა ნაგაზმა მის 4 წლის დაზე გადაწყვიტა თავდასხმა, უოკერი დას გადაეფარა, თუმცა ძაღლმა მას არაერთხელ, მათ შორის ლოყაზეც უკბინა.

შემდეგ ბიჭს ორსაათიანი ოპერაციის გადატანა მოუწია — მას 90 ნაკერზე მეტი დაადეს. მამის კითხვაზე, თუ რატომ დადგა ძაღლსა და დას შორის, ოჯახის ცნობით, უოკერმა ასე უპასუხა — „ვინმე თუ უნდა მომკვდარიყო, ვიფიქრე, რომ ეს მე უნდა ვყოფილიყავი“.

შემდეგ უოკერის ნათესავებმა Instagram-ზე შექმნეს გვერდი, სადაც წერდნენ, რომ იგი კინო-ფრენჩაიზის, „შურისმაძიებლების“ მოყვარულია, რასაც მსახიობი ენ ჰატუეი გამოეხმაურა:

„იმედი მაქვს, ცხოვრებაში ნახევრად მაინც ვიქნები ისეთი მამაცი, როგორც შენ ხარ, ბრიჯერ. გისურვებ მშვიდად გამოჯანმრთელებას!“, — დაწერა მსახიობმა.


გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი